"ტრამპმა ირანი დააღალატა" - ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აშშ-ის იერიშზე პასუხი დააანონსა

22.06.25 15:16
"ტრამპმა ირანი დააღალატა" - ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აშშ-ის იერიშზე პასუხი დააანონსა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ ქვეყნის ბირთვულ ობიექტებზე განხორციელებული იერიშით აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „ირანს უღალატა“, რომელთანაც ბირთვულ მოლაპარაკებებს აწარმოებდა, და „მოატყუა საკუთარი ამომრჩევლები“, რომელთათვისაც კამპანიისას დაჰპირდა, რომ სამუდამოდ დაასრულებდა ამერიკულ ომებს — გადმოსცემს The New York Times.

არაღჩიმ ასევე აღნიშნა, რომ ირანი „მოაბილიზებს ყველა შესაძლებლობას თავისი უსაფრთხოების ინტერესებისა და მოსახლეობის დასაცავად“. კითხვაზე, დარჩა თუ არა დიპლომატიისთვის სივრცე, მან უპასუხა:

„ამჟამად — არა“. ხოლო, შეკითხვაზე, აპირებს თუ არა ირანი ამერიკულ სამხედრო ბაზებზე დარტყმას ახლო აღმოსავლეთში ან ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვას, არაღჩიმ კომენტარისგან თავი შეიკავა და მხოლოდ აღნიშნა:

„ჩვენ გვაქვს მრავალი ვარიანტი".

ეს იყო ირანის ხელისუფლების პირველი ოფიციალური კომენტარი აშშ-ის იერიშების შემდეგ. ვარაუდობდნენ, რომ ქვეყნის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი, საგანგებო ვითარების შემთხვევაში განცხადებას გამოაქვეყნებდა ან პირდაპირ ეთერში მიმართავდა ერს. თუმცა, ამ დროისთვის იგი იმყოფება ბუნკერში, შეზღუდულია მისი ელექტრონული კომუნიკაცია უსაფრთხოების მიზნით, რაც ართულებს მასთან კავშირს. სანამ იგი არ გამოვა საჯაროდ, ირანის საბოლოო რეაქცია აშშ-ის იერიშებზე უცნობია.

„ჩემი ქვეყანა დაექვემდებარა თავდასხმას, აგრესიას და ჩვენ უნდა ვუპასუხოთ" — განაცხადა არაღჩიმ პრესკონფერენციაზე აშშ-ის იერიშების შემდეგ.

მსგავსი სიახლეები