„უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება“ - რუსეთი აშშ-ს ირანზე იერიშის გამო აკრიტიკებს

რუსეთმა ირანის ბირთვულ ობიექტებზე აშშ-ს თავდასხმა დაგმო. ფაქტს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ "უპასუხისმგებლო" უწოდა.
„უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე რაკეტებითა და ბომბებით იერიშის მიტანის შესახებ, რაც უნდა არგუმენტით იყოს გამართლებული, უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართალს, გაეროს წესდებასა და გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებს, რომელმაც წარსულშიც ერთმნიშვნელოვნად მიუთითა ამგვარი ქმედებების დაუშვებლობაზე. განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ იერიში განახორციელა ქვეყანამ, რომელიც უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრია,“ — ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
უწყებაში აღნიშნეს, რომ დაწყებულია „საშიში ესკალაციის სპირალი, რაც რეგიონალური და გლობალური უსაფრთხოების შერყევის საფრთხეს ქმნის“. მნიშვნელოვნად გაიზარდა კონფლიქტის ფართომასშტაბიანად გადაზრდის რისკი ახლო აღმოსავლეთში, რომელიც უკვე მრავალი კრიზისით არის მოცული.
განსაკუთრებული შეშფოთება გამოითქვა იმ ზიანის მიმართ, რაც, როგორც აღნიშნავენ, მიადგა ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის გლობალურ რეჟიმს და მის საფუძველს — ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულებას (ДНЯО). რუსული მხარის განცხადებით, ირანზე მიტანილმა დარტყმებმა სერიოზული ზიანი მიაყენა როგორც ხელშეკრულების ავტორიტეტს, ასევე საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს (МАГАТЭ) შემოწმებისა და მონიტორინგის სისტემას.
რუსეთი ელის „სწრაფ, პროფესიულ და სამართლიან რეაქციას“ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მხრიდან და გენერალური დირექტორის ანგარიშს.
გარდა ამისა, ქვეყანა, რომელმაც ყველაზე სისხლიანი ომი დაიწყო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, უშიშროების საბჭოს რეაგირებასაც ითხოვს:
„აუცილებელია კოლექტიური უარი ვუთხრათ აშშ-ისა და ისრაელის კონფრონტაციულ ქმედებებს. მოვუწოდებთ შეწყდეს აგრესია და გაძლიერდეს ძალისხმევა იმისათვის, რომ სიტუაცია პოლიტიკური და დიპლომატიური გზით მოგვარდეს,“ — ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.