აშშ-ის თავდასხმამდე ირანმა ურანის დიდი ნაწილის გადამალვა მოასწრო - Reuters

ირანმა თავდასხმამდე მოახერხა ფორდოს ბირთვულ ობიექტზე არსებული მაღალი დონით გამდიდრებული ურანის დიდი ნაწილის სხვა ადგილას გადატანა — ამის შესახებ Reuters იუწყება ირანის მაღალი რანგის წყაროზე დაყრდნობით, თუმცა აღნიშნავს, რომ ამ ინფორმაციის გადამოწმება ვერ მოხერხდა.
ასევე იუწყებიან, რომ კომერციული სატელიტური სურათების მიხედვით, ფორდოს ობიექტზე განხორციელებულმა შეტევამ სერიოზულად დააზიანა ან მთლიანად გაანადგურა ღრმად მიწაში განთავსებული უბანი და ურანის გამამდიდრებელი ცენტრიფუგები. თუმცა ექსპერტების თქმით, ამ უბნის დაზიანების ზუსტი მდგომარეობა ჯერ დაუდგენელია.
Reuters ციტირებს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) გენერალურ დირექტორს, რაფაელ გროსის, რომლის თქმითაც, მიწისქვეშ მიღებული ზიანის შეფასება ამ დროისთვის შეუძლებელია.
აშშ-ის შეტევის შემდეგ, ირანმა უკვე დაუშინა რაკეტები ისრაელს, რის შედეგადაც ათეულობით ადამიანი დაშავდა და რამდენიმე შენობა დანგრეულია თელ-ავივში. გარდა ამისა, ირანი დაემუქრა აშშ-ის სამხედრო ბაზებს და ნავთობის გადაზიდვის ბლოკირებას ორმუზის სრუტეში, რამაც შესაძლოა, გამოიწვიოს ნავთობის გლობალური ფასების მკვეთრი ზრდა, მსოფლიო ეკონომიკის დესტაბილიზაცია და მძლავრი კონფლიქტი აშშ-ის ფლოტის მეხუთე შეიარაღებულ შენაერთთან, რომელიც სპარსეთის ყურეშია განლაგებული.
შეგახსენებთ, რომ 22 ივნისის ღამეს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისმა ქვეყანამ იერიში მიიტანა ირანის ბირთვულ ობიექტებზე. მისი თქმით, შეტევა განხორციელდა ქვეყნის სამ ბირთვულ ობიექტზე: ფორდოზე, ნათანზსა და ისფაჰანზე.