ჩინეთი აცხადებს, რომ ირანზე აშშ-ს დარტყმებმა ვაშინგტონის მიმართ ნდობა დააზიანა

23.06.25 11:05
ჩინეთი აცხადებს, რომ ირანზე აშშ-ს დარტყმებმა ვაშინგტონის მიმართ ნდობა დააზიანა

აშშ-ის მიერ ირანის ბირთვულ ობიექტებზე განხორციელებულმა იერიშმა დააზიანა პეკინის ნდობა ვაშინგტონის მიმართ — წერს Reuters, სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით, რომელმაც გაეროს უშიშროების საბჭოს კვირას გამართული სხდომის შედეგები გააშუქა.

სხდომის დროს რუსეთმა, ჩინეთმა და პაკისტანმა წარადგინეს რეზოლუციის პროექტი, რომელიც ახლო აღმოსავლეთში დაუყოვნებლივ და უპირობოდ ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. ჩინეთის ელჩმა გაეროში, ფუ ცუნმა, მხარეებს, განსაკუთრებით კი ისრაელს, მოუწოდა, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ცეცხლი, რათა არ მოხდეს მდგომარეობის ესკალაცია.

ფუს თქმით, იერიშის შედეგად დაზარალდა ირანი, მაგრამ „დაზარალდა ასევე აშშ-ის ავტორიტეტიც“. ჩინურმა მედიამ აშშ-ის ქმედება „უკიდურესად სახიფათო და პროვოკაციულ ნაბიჯად“ შეაფასა. კერძოდ, გაზეთმა Global Times აღნიშნა, რომ საგარეო სამხედრო ჩარევა ვერასდროს მოიტანს მშვიდობას — ის მხოლოდ „გააღრმავებს რეგიონალურ სიძულვილსა და ტრავმას“.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ამერიკულმა ავიაციამ განახორციელა პირველი ერთდროული იერიში ირანის სამ ბირთვულ ობიექტზე, სადაც გამოიყენეს B-2 ბომბდამშენები და „ტომაჰავკის“ რაკეტები წყალქვეშა ნავებიდან.

ეს ოპერაცია ისტორიაში შევიდა როგორც აშშ-ის პირველი პირდაპირი სამხედრო მონაწილეობა ირანის წინააღმდეგ. პრეზიდენტმა ტრამპმა თავდასხმები „ძალიან წარმატებულად“ შეაფასა და განაცხადა, რომ ყველა თვითმფრინავი უსაფრთხოდ დაბრუნდა.

ირანის უმაღლესი ლიდერის მთავარი მრჩევლის, ალი შამხანის განცხადებით, ბირთვული ობიექტების განადგურების შემდეგაც კი დაპირისპირება არ დასრულდება. ექსპერტების ვარაუდით, მოსალოდნელია იერიშები აშშ-ის სამხედრო ბაზებზე.

მსგავსი სიახლეები