ხამენეიმ, საკუთარი მინისტრის მეშვეობით, პუტინს დახმარების თხოვნის წერილი გადასცა — Reuters

23.06.25 14:38
ხამენეიმ, საკუთარი მინისტრის მეშვეობით, პუტინს დახმარების თხოვნის წერილი გადასცა — Reuters

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ ორშაბათს, 23 ივნისს,  რუსეთის დიქტატორ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას მას ირანის უმაღლესი ლიდერის ალი ჰამენეის წერილი უნდა გადასცეს, რომელშიც ჰამენეი პუტინს დახმარებას სთხოვს, — ამის შესახებ Reuters-ი მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით იტყობინება 

ირანულმა წყაროებმა სააგენტოს აცნობეს, რომ „ირანი ამ ეტაპზე რუსული "მხარდაჭერით" კმაყოფილი არ არის“ და ქვეყანა მოითხოვს, რომ პუტინმა მეტი გააკეთოს მის დასაცავად ისრაელისა და აშშ-ის წინააღმდეგ. ამავე დროს, წყაროებმა არ დააზუსტეს, კონკრეტულად რა ტიპის დახმარებას ელოდება თეირანი.

რუსულ მედიაში გავრცელებული ცნობებით, პუტინმა არაღჩისთან შეხვედრისას განაცხადა, რომ „რუსეთი ძალისხმევას ახმარს ირანელი ხალხის მხარდასაჭერად“. თავის საჯარო განცხადებაში მან ასევე აღნიშნა, რომ „აგრესიას ირანის მიმართ არ გააჩნია არანაირი საფუძველი და გამართლება“, თუმცა არ დაუკონკრეტებია, ვისგან მომდინარე აგრესიას გულისხმობდა — ისრაელისგან თუ ამერიკის შეერთებული შტატებისგან.

აღსანიშნავია, რომ პუტინი გასულ კვირას, ირანსა და ისრაელს შორის მიმდინარე კონფლიქტში, თავისი შუამავლობის შეთავაზებით გამოვიდა, თუმცა ამ დრომდე საჯაროდ არ გამოუხატავს მზადყოფნა აშშ-თან პირდაპირი კონფრონტაციისკენ ირანის გამო.