ჰააგა მეორე დღეა მოვლენების ეპიცენტრია - NATO-ს სამიტზე ქართული დელეგაცია არ მიიწვიეს

პოლიტიკური მოვლენების ეპიცენტრი მეორე დღეა ჰააგა, სადაც მსოფლიო ლიდერები ნატოს ოფიციალურ სამიტზე იმყოფებიან, მაგრამ მათ შორის საქართველოდან არავინ არის. ბოლო ათწლეულების განმავლობაში ეს პირველი სამიტია, სადაც ქართული დელეგაცია არც კი მიიწვიეს.
ჰააგაში უკვე იმყოფებიან დონალდ ტრამპი და ვოლოდომ ზელენსკიც. დაგეგმილია პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრაც.
ზელენსკიმ შეხვედრები უკვე გამართა ნატოს გენმდივანთან და ევროპული სტრუქტურების პირველ პირებთან - ურსულა ფონ დერ ლაიენთან და ანტონიო კოშტასთან.
ორდღიანი სამიტის განხილვის მთავარი თემა კი უკრაინა და ნატოს წევრის ქვყენების თავდაცვის უნარიანობის გაზრდაზე მსჯელობაა.
რუსეთის მხრიდან მომდინარე გრძელვადიანი საფრთხის გათვალისწინებით, ასევე ჩინეთში სამხედრო ძალების მასიური განლაგების გათვალისწინებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მეტი დავხარჯოთ თავდაცვაზე. დღეს ჩვენი დღის წესრიგის ნომერ პირველი საკითხია ახალი გეგმა, რაც თავდაცვის ინდუსტრიულ წარმოებას ეხება. ჩვენ ვიცით, რომ არ გვაქვს თავდაცვის ინდუსტრიული ბაზა, რომელიც საკმარისად აწარმოებს ტექნიკას. უნდა გავზარდოთ საბრძოლო მასალის წარმოება და დღეს ამას განვიხილავთ. დღეს ასევე ამ სამიტზე მთავარი თემა იქნება უკრაინა, მისი დახმარება და იმის უზრუნველყოფა რომ უკრაინა მომდევნო წლებში კვლავაც დაეყრდნოს ნატოს ქვეყნების მხარდაჭერას, - განაცხადა ნატოს გენმდივანმა მარკ რუტემ.
თავის მხრივ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატოს წევრ ქვეყნებს და სრულიად ევროპას უკრაინის გვერდში დგომისთვის მადლობა გადაუხადა და მათი დახმარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ნატოს ქვეყნების, მთელი ევროპისა და ევროკავშირის ერთიანობა და თქვენ ხედავთ ამ ერთიანობას უკრაინის გარშემო. ეს დახმარება მნიშვნელოვანია ჩვენი უკრაინელების გადარჩენისთვის. და მადლობელი ვარ თქვენი დიდი კავშირისა და დიდი ერთიანობის, მადლობა თქვენი თავდაცვის დამატებითი სამხედრო პაკეტებისთვის და მადლობას გიხდით, რომ ჩვენთან რჩებით და არა უბრალოდ რჩებით. ხართ ამ გვერდით დგომაში ძლიერები, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ახლა მთავარი კითხვაა, რა ჩაიწერება ნატოს სამიტის საბოლოო დეკლარაციაში და იქნება თუ არა ნახსენები საქართველოს ინტეგრაციის საკითხი დოკუმენტში.