სომხეთში ფაშინიანის საწინააღმდეგო მოძრაობის ლიდერი, ბაგრატ გალსტანიანი დააკავეს

25.06.25 14:42
 სომხეთში ფაშინიანის საწინააღმდეგო მოძრაობის ლიდერი, ბაგრატ გალსტანიანი დააკავეს

ერევანში სომხური სამოციქულო ეკლესიის არქიეპისკოპოსი ბაღრატ გალსტანიანი დააკავეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის პოლიტიკას ეწინააღმდეგება.

„ბოროტო, იცოდე — რაც უნდა ქნა, ცოტა დრო დაგრჩა“, — თქვა მეუფემ, სანამ მას ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურში წაიყვანდნენ. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ არც დაპატიმრება და არც სხვა რაიმე ვერ აიძულებს, გადაუხვიოს არჩეულ გზას.

ადვოკატ სერგეი არუთინიანის თქმით, დაკავებულია კიდევ ორი ადამიანი, მათ შორის დიაკონი. ამასთან, არქიეპისკოპოსის სახლში კანონსაწინააღმდეგო არაფერი აღმოუჩენიათ.

ბაღრატ გალსტანიანი სომხეთში მიმდინარე პროტესტების ლიდერია. აქციები გასული წლის მაისში დაიწყო. მიტინგზე გამოსულები მოითხოვდნენ პრემიერ-მინისტრის გადადგომას, აზერბაიჯანთან საზღვრის დემარკაციის პროცესის შეწყვეტას და იმ სასაზღვრო ტერიტორიის გადაცემის წინააღმდეგ გამოდიოდნენ, რომელიც უნდა გადასცემოდა ბაქოს. მანიფესტაციები მაისიდან ივნისამდე მიმდინარეობდა და შემდეგ ოქტომბერში განახლდა.