სერბეთში მასობრივმა პროტესტმა იფეთქა – დემონსტრანტები ვადამდელ არჩევნებს მოითხოვენ

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო. მოქალაქეები ქუჩაში გამოვიდნენ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისა და მოქმედი პარლამენტის დათხოვნის მოთხოვნით, – იუწყება Reuters.
დემონსტრაციაში ათიათასობით ადამიანი მონაწილეობდა, მათ შორის უმრავლესობას სტუდენტები წარმოადგენდნენ. მოგვიანებით მათ შეუერთდა ოპოზიციაც.
არსებული ინფორმაციით, პოლიციამ რამდენიმე ათეული მომიტინგე დააკავა, შეტაკებებისას კი რამდენიმე სამართალდამცველიც დაშავდა. როგორც წყარო იტყობინება, პრეზიდენტ ვუჩიჩს და მის გარემოცვას ოპოზიცია ადანაშაულებს ორგანიზებულ დანაშაულთან კავშირებში, კონკურენტებზე ძალადობაში და მედიის თავისუფლების შეზღუდვაში.
მანამდე პრეზიდენტი უარს აცხადებდა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაზე. ამჟამად მისი მმართველი კოალიცია, პროგრესული პარტია, პარლამენტში 250 ადგილიდან 156-ს ფლობს. ვუჩიჩმა საპროტესტო ტალღა „გარე ძალების ჩარევად“ შეაფასა.
AP-ის ინფორმაციით, აქციის დასრულების შემდეგ დემონსტრანტებმა სპეცრაზმელებს კვერცხები, პლასტმასის ბოთლები და სხვადასხვა ნივთები დაუშინეს, ვინაიდან ძალოვანებმა მათ ცენტრალურ პარკთან მისვლის საშუალება არ მიეცათ. სწორედ ამ პარკში ათასობით ვუჩიჩის მომხრეებმა ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ დადგეს კარვები, რითაც პრეზიდენტის შტაბბინის წინ „ცოცხალი ფარი“ შექმნეს .
„არჩევანი ერთადერთი გზაა სოციალური კრიზისიდან გამოსასვლელად, რომელიც მთავრობის ქმედებებმა გამოიწვია და რომელიც ეწინააღმდეგება საკუთარი ხალხის ინტერესებს. 2025 წლის 28 ივნისს ვაცხადებთ, რომ მოქმედი ხელისუფლება ლეგიტიმურად აღარ გვესახება“, – განაცხადა ერთ-ერთმა მონაწილემ სცენიდან.
მიტინგის ოფიციალური ნაწილის ბოლოს სტუდენტებმა დემონსტრანტებს მოუწოდეს, „თავისუფლება საკუთარ ხელში აიღონ“.