რუსეთში აზერბაიჯანული დიასპორის ხელმძღვანელი გაათავისუფლეს
ურალში აზერბაიჯანული დიასპორის ხელმძღვანელი შაჰინ შიხლინსკი თავისუფალია. როგორც BAKU.WS-ს აცნობეს, შიხლინსკი დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს.
შეგახსენებთ, რომ იგი 1 ივლისს, საღამოს, ეკაატერინბურგში რუსეთის ძალოვანმა სტრუქტურებმა დააკავეს.
ამავე დღეს, 22:43 საათზე გავრცელებული ინფორმაციით, „აზერბაიჯანი-ურალის“ ორგანიზაციის ხელმძღვანელი შიხლინსკი შესაძლოა, გახდეს რუსეთის ფედერალური სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლით გათვალისწინებული სისხლის სამართლის საქმის ფიგურანტი, რაც ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის შექმნას და ხელმძღვანელობას გულისხმობს.
როგორც Е1.RU. იუწყება, ძალოვან სტრუქტურებს შიხლინსკის უკავშირებენ 2001 და 2011 წლებში ჩადენილ ორ შეკვეთით მკვლელობასა და 2010 წლის მკვლელობის მცდელობას. მათ შორის ერთ-ერთი მსხვერპლი იყო იუნის ფაშაევი, რომელმაც უარი თქვა ფულის გადახდაზე ტაგანკის ბაზრობიდან შემოსავლის სანაცვლოდ. მეორე სამიზნე იყო ფეხრუზ შირინოვი, რომელიც ფაშაევის სიკვდილის შემდეგ დიასპორის ერთ-ერთი ფრაქციის ლიდერი გახდა. შირინოვის წინააღმდეგ დაგეგმილი თავდასხმა არ შედგა, რადგან პისტოლეტმა გაჭედა და მან შვილთან ერთად შეძლო თავდამსხმელის დაკავება.
2011 წელს მოკლეს იკრამ ჰაჯიევი, რომელიც ფაშაევის გარდაცვალების შემდეგ შიხლინსკისთან ერთად მუშაობდა, მაგრამ მათ შორის დიასპორის ხელმძღვანელობის საკითხზე კონფლიქტი დაიწყო. ჰაჯიევი თავში სროლით მოკლეს.
ამ დროისთვის შიხლინსკის პროცედურული სტატუსი ოფიციალურად არ არის ცნობილი. მისი შვილი, მუთვალი შიხლინსკი, აცხადებს, რომ მამამისი მხოლოდ მოწმეა წარსულში აღძრულ საქმეებზე.
მომხდარის ფონზე რუსული მხარე აღნიშნულ ფაქტებს ეთნიკური ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების აქტივობად აფასებს და შიხლინსკის სწორედ ამ დანაშაულებრივ ორგანიზაციასთან კავშირს აბრალებს.