"აზერბაიჯანული ავიალანიერის განადგურების ბრძანება რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გასცა" - აზერბაიჯანული მედია

02.07.25 12:11
"აზერბაიჯანული ავიალანიერის განადგურების ბრძანება რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გასცა" - აზერბაიჯანული მედია

აზერბაიჯანული გამოცემა Minval-ი სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ მათ დაუკავშირდა ანონიმური წყარო, რომელმაც თავი რუსეთის საჰაერო თავდაცვის „კაპიტნად“ წარადგინა. მისი თქმით, კომპანია AZAL-ის თვითმფრინავი 2024 წლის 25 დეკემბერს გროზნის მახლობლად რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბრძანებით იქნა ჩამოგდებული.

გამოცემის ვებსაიტზე 1 ივლისს გამოქვეყნდა წერილის ფოტოკოპია და აუდიოჩანაწერის ფრაგმენტი, რომელშიც მამაკაცის ხმა ორჯერ აძლევს ბრძანებას: „ცეცხლი გახსენით“.

პუბლიკაციის თანახმად, აზერბაიჯანული სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდების ბრძანება შესაძლოა, გასცა ვინმე „პВО-ს კაპიტანმა“ — პალადიჩუკ დმიტრი სერგეევიჩმა. წერილში, რომელიც რედაქციაში შევიდა, აღნიშნულია, რომ ოფიცერი 2024 წლის 24-25 დეკემბერს ახორციელებდა გროზნის ქალაქის საჰაერო დაცვას.

მისი მონაყოლის მიხედვით, დილის 05:40 საათზე მიიღო ბრძანება სრულ საბრძოლო მზადყოფნაში გადასვლის შესახებ, ხოლო 08:11 საათზე სამიზნის აღმოჩენის სადგურმა დაფიქსირა პოტენციური სამიზნე. გარდა ამისა, მან ისაუბრა ტექნიკის არასათანადო მდგომარეობაზეც.

მას შემდეგ, რაც პალადიჩუკმა განაახლა სამიზნის კოორდინატები, ტელეფონით მიიღო ბრძანება: „სამიზნე გაანადგურე“.

„08 საათი 13 წუთი 30 წამზე მე მივეცი ბრძანება სამიზნის განადგურებაზე ოპერატორს. 08:13:33-ზე რაკეტა გაუშვეს გამშვები მოწყობილობიდან. 08:13:47-ზე სისტემა ЦВС БМ-72В6-მა აცნობა, რომ სამიზნე გამორჩა. 08:13:48-ზე გავეცი ბრძანება ხელახალი სროლის შესახებ“, — წერს იგი.

სამგზავრო თვითმფრინავის Embraer 190-ის კატასტროფის გამოძიების კომისიის წინასწარი ანგარიშის მიხედვით, პირველი აკუსტიკური დარტყმა დაფიქსირდა 08:13:31-ზე, მეორე კი — 08:13:56-ზე.

შემდეგ Minval ავრცელებს აუდიოჩანაწერის ფრაგმენტს, რომელშიც მამაკაცის ხმა ასახელებს განმარტებით ბარათში მითითებულ კოორდინატებს და ორჯერ იმეორებს ბრძანებას: „ცეცხლი! ცეცხლი, გეუბნები!“. ჩანაწერში შემდეგ ისმის ხმამაღალი აფეთქების ხმა, რის შემდეგაც იგივე ხმა ამბობს: „აღმოსავლეთით არის. ვიმეორებ. კიდევ ერთხელ — ცეცხლი!“, რაზეც მეორე ხმა პასუხობს: „ცეცხლი არის“.

როგორც Minval წერს, აუდიომასალა გამოქვეყნდა ნაწილობრივ, რადგან ის ჯერ სამართალდამცავებმა უნდა შეისწავლონ. გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ არ აქვს იმის მტკიცების საფუძველი, რომ ეს წერილი უტყუარია.

წერილის ფოტოკოპიის თანახმად, პალადიჩუკი თითქოს მსახურობს სამხედრო ნაწილში №75564, რომელიც რუსეთის შიდა რეგიონში — ხაკასიაში მდებარეობს.

შეგახსენებთ, რომ 2024 წლის 25 დეკემბერს ბაქოდან გროზნოში გაფრენილმა თვითმფრინავმა გადაუხვია დასახულ მარშრუტს და ჩამოვარდა ყაზახეთის ქალაქ აქტაუს აეროპორტის მახლობლად. ბორტზე იმყოფებოდა 67 ადამიანი, რომელთაგან 38 დაიღუპა.

მსგავსი სიახლეები