Politico: დანია უნგრეთისთვის ევროკავშირში ხმის მიცემის უფლების შეჩერებას ცდილობს

03.07.25 16:07
Politico: დანია უნგრეთისთვის ევროკავშირში ხმის მიცემის უფლების შეჩერებას ცდილობს

დანია უნგრეთისთვის ევროკავშირში ხმის მიცემის უფლების შეჩერებას ცდილობს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Politico ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, დანიას სურს, ევროპამ უნგრეთის წინააღმდეგ, ბლოკის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის გამო, მთელი სამართლებრივი არსენალი გამოიყენოს, მათ შორის ბუდაპეშტის წინააღმდეგ მე-7 მუხლის, ე.წ. ბირთვული ვარიანტის გამოყენებით.

ჩვენ კვლავ ვხედავთ ფუნდამენტური ღირებულებების დარღვევას. სწორედ ამიტომ გავაგრძელებთ მე-7 მუხლის პროცედურას და უნგრეთის შესახებ მოსმენას," - განუცხადა დანიის ევროპულ საქმეთა მინისტრმა მარი ბიერემ ჟურნალისტებს ორჰუსში, სადაც ევროკომისია ვიზიტით იმყოფება. 

მე-7 მუხლი ევროკავშირის ხელშეკრულების პუნქტია, რომელიც ქვეყნებს საშუალებას აძლევს, ხმა მისცენ წევრის გარიცხვას ან დასჯას, რომელიც ბლოკის წესებს არღვევს. თუ ევროკავშირის ქვეყნები გადაწყვეტენ მე-7 მუხლის მიმდინარე პროცედურის გამკაცრებას, მათ შეუძლიათ უნგრეთს ჩამოართვან ხმის მიცემის უფლება ევროპული პოლიტიკის ისეთ ასპექტებში, როგორიცაა გაფართოება, რითაც ბუდაპეშტს ჩამოერთმევა უკრაინის წევრობაზე ვეტოს დადების უფლება.

ამასთან, დანიის ევროპულ საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ბლოკმა ასევე უნდა განიხილოს ევროკავშირის სახსრებზე წვდომის შეზღუდვა იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც არღვევენ ევროპულ კანონმდებლობას.

მსგავსი სიახლეები