ოკუპანტებმა კიევის ოლქზე მასშტაური იერიშები მიიტანეს - გაჩნდა ხანძრები, არიან დაშავებულები

დღეს ღამით რუსეთმა უკრაინაზე მასშტაბური იერიშეი მიიტანა. სამიზნე კიევი და კიევის ოლქი იყო. ბევრ რაიონში გაჩნდა ხანძარი, არიან დაშავებულები.
კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ თავდასხმის შედეგად დაზიანდა ხუთი სასწრაფო დახმარების მანქანა, რომლებიც გამოძახებებზე იყვნენ გასული. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მედპერსონალს შორის დაშავებულები არ არიან.
მედიკოსთა მონაცემებით, მტრის თავდასხმის შედეგად დედაქალაქში 23 ადამიანი დაშავდა. მათგან 14 ჰოსპიტალიზებულია. დანარჩენებს დახმარება ადგილზე ან ამბულატორიულად გაეწიათ. ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაშავებულებს შორის 10 წლის გოგონაც არის.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, სოლომენის რაიონში იერიშის შედეგად ნაწილობრივ დაინგრა ხუთსართულიანი შენობა. გაჩნდა ხანძარი შვიდსართულიანი სახლის სახურავზე, რომლის ფართობი დაახლოებით 2000 კვადრატულ მეტრს შეადგენდა. ასევე ხანძარი გაჩნდა სასაწყობე შენობაში, ტექნიკური მომსახურების სადგურსა და ავტოფარეხების კოოპერატივის ტერიტორიაზე. დაზიანდა მრავალი ობიექტი სამოქალაქო ინფრასტრუქტურიდან.