მედვედევი რუტეს აკრიტიკებს: „რუსული შეიძლება, ციმბირში დაგჭირდეს“

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ, დმიტრი მედვედევმა ნატოს ახალ გენერალურ მდივან მარკ რუტეზე ირონიული განცხადება გააკეთა. პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში მედვედევი რუტეს ურჩევს, რუსული ისწავლოს, რადგან ეს მას ციმბირის ბანაკში გამოადგება.
„გენერალურმა მდივანმა რუტემ აშკარად ზედმეტი მაგიური სოკო ჭამა — ისეთი, რომელიც ნიდერლანდელებს განსაკუთრებით უყვართ. ტაივანის საკითხთან დაკავშირებით მან შეთქმულება დაინახა ჩინეთსა და რუსეთს შორის, შემდეგ კი ევროპაზე რუსეთის თავდასხმა იწინასწარმეტყველა. თუმცა, ერთ საკითხში მაინც ვეთანხმები - რუსულის სწავლა ნამდვილად არ აწყენს, ციმბირში შეიძლება გამოადგეს“, - დაწერა მედვედევმა.
შეგახსენებთ, რომ რუტემ მანამდე განაცხადა: ჩინეთმა შესაძლოა, რუსეთი ნატოზე თავდასხმისკენ წააქეზოს, რათა ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონიდან ყურადღება გადაიტანოს, იმ შემთხვევაში, თუ ტაივანზე სამხედრო ოპერაციის განხორციელებას გადაწყვეტს.