„თავისუფლების დასაბრუნებლად“ - მასკმა ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნა დააანონსა

06.07.25 12:51
„თავისუფლების დასაბრუნებლად“ - მასკმა ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნა დააანონსა

ამერიკელი მილიარდერი ილონ მასკი აშშ-ში ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნას გეგმავს. შესაბამისი განცხადება მან სოციალურ ქსელ X-ში გააკეთა.

მანამდე მასკმა თავის გვერდზე ჩაატარა გამოკითხვა, რომელშიც მომხმარებლებს ჰკითხა, ღირს თუ არა „ამერიკული პარტიის“ ჩამოყალიბება, რომელიც რესპუბლიკური და დემოკრატიული პარტიების ალტერნატივა იქნება. 

2:1 შეფარდებით, თქვენ გსურთ ახალი პოლიტიკური პარტია და მიიღებთ მას! როცა საქმე ქვეყნის გაკოტრებას ეხება მფლანგველობითა და კორუფციით, ჩვენ ერთპარტიულ სისტემაში ვცხოვრობთ და არა დემოკრატიაში. დღეს შეიქმნა ამერიკული პარტია — თქვენი თავისუფლების დასაბრუნებლად, — დაწერა მასკმა გამოკითხვის შედეგების შემდეგ.

მანამდე, დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, ილონ მასკი მისი ადმინისტრაციის წევრი გახდა და ხელმძღვანელობდა ე.წ. ეფექტიანობის დეპარტამენტს. მისი მთავარი მიზანი სახელმწიფო ხარჯების ოპტიმიზაცია იყო.

თუმცა მასკსა და ტრამპს შორის ურთიერთობა მალევე გაუარესდა. მილიარდერს არ მოსწონდა ტრამპის ტარიფების პოლიტიკა, რომელიც აზიანებდა Tesla-ს ბიზნესს.

საბოლოო განხეთქილება მოხდა ტრამპის მიერ ახალი საგადასახადო და სახელმწიფო ვალის შესახებ კანონის გატანის შემდეგ. მასკი, რომელიც ბიუროკრატიის შემცირებისა და ხარჯების შემცირების იმედით იყო მისული, უკმაყოფილო დარჩა ბიუჯეტზე ზეწოლის ზრდითა და დეფიციტის გაფართოებით.

ამ ფონზე მასკსა და ტრამპს შორის საჯარო დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც მილიარდერმა საკუთარი პოლიტიკური პარტიის შექმნაზე დაიწყო საუბარი.