რუსეთმა უკრაინას ერთ ღამეში რეკორდული რაოდენობის დრონებით და რაკეტებით შეუტია
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, 9 ივლისის ღამეს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ უპრეცედენტო მასშტაბის საჰაერო იერიშები განახორციელა - გაშვებულ იქნა 741 ერთეული შაჰედის ტიპის და სხვა დრონები, ასევე ფრთოსანი და აერობალისტიკური რაკეტები.
უკრაინის მხარემ განაცხადა, რომ 718 საჰაერო მიზნის განეიტრალება შეძლეს. მათ შორის იყო 296 დრონი, რომლებიც ჩამოაგდეს, ხოლო 415 დრონი ლოკალურად დაკარგულად ჩაითვალა. ასევე ჩამოგდებულია ყველა Х-101 „ისკანდერ-К“-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტა. რაც შეეხება Х-47М2 „კინჟალის“ 6 აერობალისტიკურ რაკეტას - მათზე შედეგი დაზუსტებული არ არის.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ეს იყო რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან ყველაზე ინტენსიური შეტევა ერთ ღამეში. იერიშები ფიქსირდებოდა ოთხ რეგიონში, ხოლო რაკეტებისა და დრონების ნამსხვრევები 14 სხვადასხვა ლოკაციაზე ჩამოცვივდა.
განსაკუთრებით ძლიერი დარტყმა ლუცკზე განხორციელდა, სადაც ხანძარი და სერიოზული ნგრევა დაფიქსირდა. ამ დროისთვის მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.