ნიკოლ ფაშინიანი აბუ-დაბიში ილჰამ ალიევს ხვდება

10.07.25 10:34
ნიკოლ ფაშინიანი აბუ-დაბიში ილჰამ ალიევს ხვდება

სომხეთის პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აბუ-დაბიში აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს ხვდება. ფაშინიანის პრესსპიკერის, ნაზელი ბაღდასარიანის განცხადებით, შეხვედრა სომხურ-აზერბაიჯანული სამშვიდობო პროცესის ფარგლებში იმართება და უკვე დაიწყო. 

შეხვედრაში ორივე მხრიდან მთავრობის მაღალი თანამდებობის პირები მონაწილეობენ. სომხეთის დელეგაციაში შედიან საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი, უშიშროების საბჭოს მდივანი არმენ გრიგორიანი, ვიცე-პრემიერი და საზღვრის დელიმიტაციის კომისიის ხელმძღვანელი მჰერ გრიგორიანი, ასევე პარლამენტის ვიცე-სპიკერი და თურქეთთან ურთიერთობების ნორმალიზების სპეციალური წარმომადგენელი რუბენ რუბინიანი.

აზერბაიჯანის დელეგაციაში კი - საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი, ვიცე-პრემიერი და საზღვრის დელიმიტაციის კომისიის ხელმძღვანელი შაჰინ მუსტაფაევი, აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწე ჰიქმათ ჰაჯიევი და პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი ელჩინ ამირბეკოვი.

ცნობისთვის, ნიკოლ ფაშინიანი აბუ-დაბიში 9 ივლისს ჩავიდა და არაბთა გაერთიანებული საემიროების პრეზიდენტს, მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანს შეხვდა.

მსგავსი სიახლეები