მედია: კიევში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პოლკოვნიკი 5 გასროლით მოკლეს
უკრაინული მედიის ინფორმაციით, კიევში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პოლკოვნიკი მოკლეს - ივან ვორონიჩს კიევის გოლოსევსკის რაიონში შეიარაღებულმა მამაკაცმა ცეცხლსასროლი, სავარაუდოდ, მაყუჩიანი იარაღიდან 5-ჯერ ესროლა, რის შემდეგაც დანაშაულის ადგილიდან მიიმალა.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პოლკოვნიკი მიყენებული მრავლობითი დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.
შემთხვევა დღეს დილით ადგილობრივი დროით 09:00 საათზე მოხდა. შემთხვევის ადგილზე ახლაც საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
მოგვიანებით, SBU-მ დაადასტურა, რომ მოკლული მათი თანამშრომელი იყო.
მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 348-ე მუხლით (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის, საზოგადოებრივი წესრიგისა და სახელმწიფო საზღვრის დაცვის საზოგადოებრივი ფორმირების წევრის ან სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფა).