ლონდონის საუთენდის აეროპორტში "მცირე ზომის" თვითმფრინავი ჩამოვარდა
ლონდონის საუთენდის აეროპორტში აფრენისას ორძრავიანი თვითმფრინავი Beechcraft King Air B200 ჩამოვარდა. აეროპორტი დროებით დაიხურა და ყველა რეისი გაუქმდა, -ამის შესახებ The Telegraph იტყობინება.
საუბარია ჩარტერულ რეისზე, რომელიც საუთენდის აეროპორტიდან აფრენას გეგმავდა. თვითმფრინავი ნიდერლანდების ქალაქ ლელისტადში, დაახლოებით, 16:00 საათზე უნდა გაფრენილიყო.
პოლიციის ცნობით, შემთხვევის ადგილზე შედეგების აღმოსაფხვრელად შესაბამისი სამსახურები უკვე მუშაობენ. კატასტროფის მიზეზები, ჯერჯერობით, ოფიციალურად არ დასახელებულა.
თვითმხილველების თქმით, თვითმფრინავი აფრინდა, მაგრამ მალევე ჩამოვარდა.
უსაფრთხოების მიზნით, პოლიციამ იქვე მდებარე Rochford Hundred-ის გოლფ-კლუბიდან და Westcliff-ის რაგბის კლუბიდან ხალხის ევაკუაცია განახორციელა. მოსახლეობას სთხოვენ, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიას თავი აარიდონ.
საუთენდის აეროპორტის ვებგვერდის თანახმად, კვირის დღისით დაგეგმილი ოთხი რეისი გაუქმდა.