ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინას Patriot-ის რაკეტებს გაუგზავნის
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კვირას განაცხადა, რომ უკრაინას Patriot-ის რაკეტებს გაუგზანის და ხაზი გაუსვა, რომ ისინი აუცილებელია ქვეყნის თავდაცვისთვის.
ჯერ რაოდენობაზე არ გვიმსჯელია, მაგრამ ისინი მიიღებენ გარკვეულ რაოდენობას, რადგან მათ სჭირდებათ დაცვა. თუმცა, ამაში ფულს ევროკავშირი გადაიხდის. ჩვენ არაფერს ვიხდით, მაგრამ მივაწვდით ეს იქნება ბიზნესი ჩვენთვის. გადავუგზავნით Patriot-ებს, რომლებიც მათ სასწრაფოდ სჭირდებათ, – განაცხადა ტრამპმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად, განიხილება თუ არა უკრაინისთვის დამატებითი რაკეტების მიწოდება.
როგორც სააგენტო Reuters წერს, ტრამპმა უკმაყოფილება გამოხატა რუსეთის ლიდერის, ვლადიმირ პუტინის ქმედებების გამო.
პუტინმა ბევრი ადამიანი მართლაც გააოცა. ლამაზად ლაპარაკობს, მაგრამ ღამით ყველას ბომბავს. ეს გარკვეულ პრობლემას წარმოადგენს. ეს არ მომწონს, — აღნიშნა ტრამპმა.
მან ასევე განაცხადა, რომ აშშ გეგმავს უკრაინისთვის მაღალტექნოლოგიური სამხედრო ტექნიკის სხვადასხვა ტიპის მიწოდებას.
„ისინი ამ ყველაფრის საფასურს 100%-ით გადაგვიხდიან და ჩვენ სწორედ ეს გვინდა,“ - განაცხადა მან.
პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მიმდინარე კვირაში შეხვდება ნატოს გენერალურ მდივანს, მარკ რუტეს, რათა განიხილოს უკრაინასთან დაკავშირებული და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.
ცნობისათვის, ზოგიერთ დასავლურ მედიასაშუალებაში — მათ შორის Wall Street Journal და Bloomberg-ში აღნიშნულია, რომ ტრამპს, სავარაუდოდ, არა რაკეტები, არამედ თავად Patriot-ის სარაკეტო კომპლექსები ჰქონდა მხედველობაში.