„ტრამპი მიხვდა, რომ პრობლემა თავად პუტინია“ - აშშ რუსეთის მიმართ მიდგომებს ამკაცრებს

14.07.25 10:52
„ტრამპი მიხვდა, რომ პრობლემა თავად პუტინია“ - აშშ რუსეთის მიმართ მიდგომებს ამკაცრებს

USA Today წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელიც ადრე ჰპირდებოდა საზოგადოებას, რომ "უკრაინაში ომს 24 საათში დაასრულებდა", ახლა საჯაროდ გამოხატავს იმედგაცრუებას რუსეთის ლიდერის მიმართ.

მას შემდეგ, რაც ვლადიმირ პუტინმა გაააქტიურა ავიაიერიშები და სარაკეტო დარტყმები უკრაინის ქალაქებზე და, ტრამპის სიტყვებით, ფაქტობრივად, უგულებელყო მისი სამშვიდობო ინიციატივები, ამერიკელი პრეზიდენტის ტონი მკვეთრად შეიცვალა.

„პუტინი უამრავ სისაძაგლეს გვესვრის, თუ სიმართლე გინდათ,“ — განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს 9 ივლისს. ის ყოველთვის ძალიან თავაზიანია ჩვენთან, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს.“

გასულ თვეში ტრამპი პუტინს ჯერ კიდევ "ძალიან კეთილ ადამიანად" მოიხსენიებდა და აცხადებდა, რომ ის "მშვიდობას ისურვებდა". ახლა კი იგი მიანიშნებს, რომ კრემლთან მოლაპარაკების მისი თავდაპირველი მცდელობები წარუმატებელი აღმოჩნდა. ადმინისტრაციის წყაროების ცნობით, რამდენიმე უშედეგო სატელეფონო საუბრის შემდეგ, თეთრმა სახლმა აღადგინა სამხედრო დახმარება უკრაინისთვის. ტრამპმა კი აღნიშნა, რომ "არ არის კმაყოფილი რუსული დარტყმებით კიევზე".

შეგახსენებთ, ტრამპი ადრეც არაერთხელ გამოხატავდა მზადყოფნას გარკვეული დათმობებისთვის. 2022 წლის მოლაპარაკებებისას, მაგალითად, მან აღნიშნა, რომ ყირიმი „რუსეთს უნდა დარჩეს“, ხოლო უკრაინისგან მოითხოვდა მინერალური რესურსების ნაწილის დათმობას. 2025 წლის თებერვალში მან საჯაროდაც დაამცირა პრეზიდენტი ზელენსკი, როცა უთხრა: „თქვენ უკვე აღარ გაქვთ კოზირები“.

თუმცა, ბოლო კვირების მოვლენებმა, მათ შორის უპრეცედენტოდ ძლიერი დრონული და სარაკეტო იერიშებით სამოქალაქო უბნებზე, ტრამპიც კი აიძულა, ეღიარებინა წინა სტრატეგიის მარცხი.

კიევის ერთ-ერთმა მცხოვრებმა, რომელიც ჟურნალისტებთან მიმოწერაში იყო, განაცხადა: „ჩვენ და ჩვენი ოჯახი ჭკუიდან ვიშლებით - ისევ მიწისქვეშა თავშესაფრებში უნდა დავიმალოთ“.

რუსეთის ქმედებების საპასუხოდ, კონგრესი ამზადებს ორპარტიულ კანონპროექტს, რომელიც ითვალისწინებს 500%-მდე ტარიფების დაწესებას იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც აგრძელებენ რუსეთთან ვაჭრობას, თუკი კრემლი უარს იტყვის მოლაპარაკებებზე.

სენატორმა-დემოკრატმა ელიზაბეთ უორენმა აღნიშნა:

„ჩვენ გვჭირდება სანქციების ისეთი პაკეტი, რომელიც რეალურ შეზღუდვებს დააწესებს პრეზიდენტის შესაძლებლობაზე, კვლავ ითამაშოს პუტინთან როგორც თავად სურს“.

ამ ფონზე, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო მალაიზიაში შეხვდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს. რუბიოს თქმით, რუსეთმა „ახალი მშვიდობის კონცეფცია“ გააჟღერა, რომელიც ის ტრამპს გადასცემს.

ჯერ უცნობია, რამდენად სერიოზულია ეს გზავნილები, თუმცა ტრამპმა უკვე დააანონსა, რომ მიმდინარე კვირის დასაწყისში გააკეთებს „მნიშვნელოვან განცხადებას რუსეთის შესახებ“.

ყოფილმა უკრაინაში აშშ-ის ელჩმა, ბილ ტეილორმა, ასე შეაფასა ტრამპის პოზიციის ცვლილება:

„ტრამპმა ახლა გაიაზრა, რომ პრობლემა თავად პუტინია.“