დამასკოში, ისრაელმა პრეზიდენტის სასახლის მახლობლად საჰაერო დარტყმა განახორციელა
სირიის დედაქალაქ დამასკოში, ისრაელმა პრეზიდენტის სასახლის მახლობლად საჰაერო დარტყმა განახორციელა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Guardian-ი ავრცელებს.
მანამდე Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისრაელის თავდაცვის ძალებმა დამასკოში თავდაცვის სამინისტრო დაბომბეს, რადგან ისრაელმა პირობა დადო, რომ სამხრეთ სირიაში სამთავრობო ძალებს თავს დაესხმებოდა, რომლებიც დრუზების თემებს ესხმიან.
თავდასხმამდე ცოტა ხნით ადრე, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა სოციალურ ქსელში დაწერა - "მტკივნეული დარტყმები იქნება".
ცნობისთვის, ამ კვირაში სამხრეთ ქალაქ სვეიდას გარშემო ძალადობის შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა, სადაც დრუზების თემის მებრძოლები მთავრობის უსაფრთხოების ძალებსა და ბედუინების ტომების წევრებს დაუპირისპირდნენ. ორშაბათს, სირიის სამთავრობო ჯარები სვეიდას რეგიონში დრუზ მებრძოლებსა და ბედუინ შეიარაღებულ პირებს შორის დაპირისპირების ჩასახშობად გაგზავნეს, თუმცა საბოლოოდ შეტაკება მოხდა თავად დრუზების მილიციასთან. სამშაბათს, დრუზების სულიერმა ლიდერმა განაცხადა, რომ მისი თემი სამთავრობო ძალების მიერ ბარბაროსული თავდასხმის მსხვერპლი გახდა.
სირიის ადამიანის უფლებათა ქსელმა განაცხადა, რომ ამ კვირაში ძალადობის შედეგად 169 ადამიანი დაიღუპა. უსაფრთხოების წყაროები 300-ს ასახელებენ. გამოცემა Reuters-ი წერს, რომ დაღუპულების შესახებ ინფორმაციის დამოუკიდებლად გადამოწმება ვერ შეძლეს.