ზელენსკიმ მმართველ პარტიას მინისტრთა კაბინეტის განახლებული სია წარუდგინა

17.07.25 10:20
ზელენსკიმ მმართველ პარტიას მინისტრთა კაბინეტის განახლებული სია წარუდგინა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარტია „ხალხის მსახურის“ წარმომადგენლებს განახლებული მინისტრთა კაბინეტი წარუდგინა. ამის შესახებ ფრაქციის ლიდერმა დავით არახამიამ „ტელეგრამის“ პირად არხზე დაწერა.

მისი ინფორმაციით, ზელენსკი პარტიის დახურულ სხდომას დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში ესწრებოდა. მან მადლობა გადაუხადა მოქმედ პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალს გაწეული სამსახურისთვის და მთავრობის ახალი შემადგენლობა წარადგინა. ახალი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად იულია სვირიდენკო სახელდება.

მთავრობის განახლებულ შემადგენლობაში რამდენიმე საკვანძო ცვლილება იგეგმება:

  • პირველი ვიცე-პრემიერი გახდება ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრი მიხაილ ფედოროვი.
  • თავდაცვის მინისტრად კი სწორედ მოქმედი პრემიერი, დენის შმიგალი ინიშნება.
  • ეკონომიკის, ეკოლოგიისა და აგრარული პოლიტიკის სამინისტროები ერთ უწყებად გაერთიანდება, რომელსაც ალექსეი სობოლევი უხელმძღვანელებს.
  • ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში ვიცე-პრემიერის პოსტზე ოლგა სტეფანიშინას ტარას კაჩკა ჩაანაცვლებს.
  • სოციალური პოლიტიკის სამინისტრო გაფართოვდება და სოციალური პოლიტიკის, ოჯახისა და ერთიანობის სამინისტროდ ჩამოყალიბდება — მის ხელმძღვანელად დენის ულიუტინი სახელდება.
  • ენერგეტიკის სამინისტრო სვეტლანა გრინჩუკს გადაეცემა, მოქმედი მინისტრი გერმან გალუშჩენკო კი იუსტიციის მინისტრის პოსტზე გადაინაცვლებს.
  • კულტურის მინისტრის კანდიდატურა ჯერჯერობით შეურჩეველია.

განახლებული მთავრობის დამტკიცებისთვის კენჭისყრა 17 ივლისის პარლამენტის სხდომაზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები