მოსკოვს და რუსეთის სხვა ქალაქებს დრონებით შეუტიეს

17.07.25 10:34
მოსკოვს და რუსეთის სხვა ქალაქებს დრონებით შეუტიეს

რუსეთი ამტკიცებს, რომ მათმა საჰაერო თავდაცვამ ღამის განმავლობაში 122 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი (დრონი) ჩამოაგდო, რომლებიც მოსკოვსა და ათეულობით სხვა რეგიონის მიმართულებით იქნა გაშვებული. თავდასხმის შედეგად არიან დაღუპულები და დაჭრილები.

რუსეთის ხელისუფლების ცნობით, უპილოტოების დიდი ნაწილი ჩამოაგდეს უკრაინასთან მომიჯნავე ბელგოროდის, კურსკისა და ბრიანსკის ოლქების თავზე. მიუხედავად ამისა, სამმა დრონმა მაინც მიაღწია მოსკოვამდე.

სმოლენსკის ოლქში, რომელიც ბელარუსს ესაზღვრება, ერთი ადამიანი დაშავდა, ხოლო ერთ-ერთ სამოქალაქო ობიექტს მცირე დაზიანება მიადგა - ამის შესახებ ოლქის გუბერნატორმა ვასილი ანოხინმა „ტელეგრამზე“ დაწერა. ბელგოროდის ოლქის გუბერნატორის ვიაჩესლავ გლადკოვის განცხადებით, უკრაინული დრონის თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე 17 დაშავდა.

აღსანიშნავია, რომ დრონებმა სანქტ-პეტერბურგამდეც კი მიაღწიეს. ლენინგრადის ოლქის გუბერნატორმა ალექსანდრ დროზდენკომ განაცხადა, რომ დილით ადრე ორი დრონი ჩამოაგდეს.

გარდა ამისა, ვორონეჟის ოლქის გუბერნატორის ინფორმაციით, ერთ-ერთი დრონი 16-სართულიან საცხოვრებელ კორპუსს შეეჯახა, რის შედეგადაც არიან დაშავებულები, მათ შორის - სამი მოზარდი.