პაკისტანში, 24-საათიანი ძლიერი წვიმის შედეგად სულ მცირე 63 ადამიანი დაიღუპა, დაშავდა - 290
პაკისტანში, პენჯაბის პროვინციაში, 24-საათიანი ძლიერი წვიმის შედეგად სულ მცირე 63 ადამიანი დაიღუპა და 290 დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა BBC-ი ავრცელებს.
ეროვნული კატასტროფების მართვის სამსახურის ინფორმაციით ადამიანების უმეტესობა შენობების ჩამონგრევას ემსხვერპლა. წყალდიდობის შედეგად, პენჯაბის მასშტაბით რამდენიმე გზატკეცილი დაიხურა, ათობით რეისი კი გაუქმდა, ან გადაიდო.
პროვინციის მთავარი მინისტრის მარიამ ნავაზის განცხადებით, რამდენიმე რაიონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. მან მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდა.
პენჯაბის ხელისუფლების გაფრთხილებით, შაბათ-კვირის განმავლობაში კვლავ წვიმა და წყალდიდობაა მოსალოდნელი. პროვინციაში ათასობით მაშველია მობილიზებული.
ცნობისთვის, ივნისის ბოლოს, მუსონური წვიმების დაწყებიდან, დაღუპულთა რიცხვი ქვეყნის მასშტაბით თითქმის 180-მდე გაიზარდა, მათგან ნახევარზე მეტი ბავშვია.