სლოვაკეთი რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების ახალ პაკეტს აღარ დაბლოკავს
სლოვაკეთი რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების ახალ პაკეტს აღარ დაბლოკავს. ამის შესახებ 17 ივლისს ღამით, ფეისბუკით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ განაცხადა.
- ცნობისთვის, სლოვაკეთმა სანქციების ახალი პაკეტი ექვსჯერ დაბლოკა.
სლოვაკეთის პრემიერის განმარტებით, პოზიციის შეცვლა იმ ფაქტმა განაპირობა, რომ ის და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სლოვაკეთისთვის გაზის ფასებთან დაკავშირებით გარანტიებზე შეთანხმდნენ. მისი თქმით, სლოვაკეთს ევროკომისიისგან წერილობითი გარანტიები აქვს, რომელსაც ხელს აწერენ მისი პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროკომისრების მთელი კოლეგია.
„ევროკავშირის მიერ დადასტურებული გარანტიები ეხება გაზის ფასებს და შესაძლო დეფიციტს, სატრანსპორტო ტარიფებს, ასევე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესაძლებლობას ფასების მკვეთრი ზრდის ან გაზის დეფიციტის შემთხვევაში, რამაც შეიძლება კრიზისული გადაწყვეტილებები გამოიწვიოს, მათ შორის რუსული გაზის იმპორტზე დაწესებული აკრძალვის მოხსნა“, - აცხადებს ფიცო.
როგორც ფიცომ განაცხადა, სანქციების ახალი პაკეტის ბლოკირების გაგრძელება კონტრპროდუქტიული იქნება და სლოვაკეთის ინტერესებს დააზიანებს.
ამასთან, როგორც სლოვაკური გამოცემა TASR-ი წერს, ფიცომ განაცხადა, რომ არასდროს დაუჭერს მხარს ევროკავშირში რუსული გაზის იმპორტის სრულად აკრძალვას(2028 წლის 1 იანვრისთვის), რომელიც გათვალისწინებულია ინიციატივით RePowerEU, რადგან ეს დააზიანებს ევროკავშირის, განსაკუთრებით სლოვაკეთის კონკურენტუნარიანობას.