„ჯოჯოხეთური ღამე და დილა პავლოგრადისთვის, ყველაზე მასშტაბური თავდასხმა ქალაქზე" - რუსების იერიში უკრაინაზე
რუსების მორიგი იერიში უკრაინაზე - რუსეთმა ღამით დნეპროპეტროვსკის ოლქის პავლოგრადის ქალაქზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა - ამის შესახებ დნეპროპეტროვსკის ხელმძღვანელმა, სერგეი ლისაკმა Telegram-ზე განაცხადა.
„ჯოჯოხეთური ღამე და დილა პავლოგრადისთვის. ყველაზე მასშტაბური თავდასხმა ქალაქზე. აფეთქება აფეთქების შემდეგ. რუსი ტერორისტები რაკეტებითა და დრონებით დაბომბეს“, - თქვა ლისაკმა.
ოკუპანტებმა საჰაერო იერიში მიიტანეს ქალაქ ოდესაზეც - დაღუპულია 1 სამოქალაქო პირი. ხანძრის შედეგად დამწვარია შენობის სამი სართული. ხანძარი მაშველებმა მოხალისეებთან ერთად ჩააქრეს. ცეცხლმოკიდებული ბინებიდან 5 ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო, დილის მონაცემებით, დაღუპულია ერთი ქალი და დაშავებულია სამი სამოქალაქო პირი.
დაბომბვა იყო კიევშიც, საჰაერო იერიში ისევ დასახლებულ უბნებზე მიიტანეს, დარნიცის რაიონში დრონი სახლის სახურავს დაეცა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
წუხელ აფეთქებები იყო უკრაინის სხვა რეგიონებშიც - პოლტავას ოლქში, ხარკოვის ოლქში, სუმის ოლქში, ჩერკასის ოლქში, ჟიტომირის ოლქში, როვნოს ოლქსა და ლვივის ოლქში.