პუტინმა და ხამენეის მთავარმა მრჩეველმა ბირთვული და ახლო აღმოსავლეთის საკითხები განიხილეს
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი 20 ივლისს მოსკოვში შეხვდა ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის უფროს მრჩეველს, ალი ლარიჯანის. შეხვედრის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა სააგენტო Reuters, რომელიც ეყრდნობა რუსეთის სახელმწიფო მედია „რიას“ და კრემლის პრესსპიკერს დმიტრი პესკოვს.
პუტინმა და ლარიჯანიმ განიხილეს ახლო აღმოსავლეთში არსებულ დაძაბულობასა და ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო შექმნილ ვითარება. პესკოვის განცხადებით, რუსეთის ლიდერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მოსკოვის პოზიცია – მხარი დაუჭიროს რეგიონის სტაბილურობას და ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული საკითხების პოლიტიკური და დიპლომატიური გზებით მოგვარებას.
ირანული სააგენტო "თასნიმი" იუწყება, რომ მომავალ კვირაში კასპიის ზღვაში რუსეთ-ირანის ერთობლივი საზღვაო წვრთნები იგეგმება. წვრთნები, კოდური სახელწოდებით CASAREX 2025, 21 ივლისს დაიწყება და სამ დღეს გასტანს. წვრთნების ძირითადი მიზანია საზღვაო-სამაშველო და ჰუმანიტარული დახმარების სცენარების დამუშავება.
აღსანიშნავია, რომ 2025 წლის იანვარში რუსეთმა და ირანმა ხელი მოაწერეს ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც ფორმალურად არ წარმოადგენს სამხედრო ალიანსს და არ ავალდებულებს ერთ მხარეს მეორის სამხედრო დაცვას.
ამ ფონზე, როდესაც ახლო აღმოსავლეთში ისრაელისა და აშშ-ის მიერ განხორციელებულმა თავდასხმებმა ირანში დაძაბულობა გააღრმავა, პუტინმა ადრე შეხვედრა გამართა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთან, აბას არაღჩისთან და დაგმო „სრულიად არაპროვოცირებული აგრესია“, რასაც ირანელი დიპლომატი მადლიერებით გამოეხმაურა.