ტრამპი ირანს აფრთხილებს: „აშშ მზად არის, კვლავ დაარტყას ბირთვულ ობიექტებს“

22.07.25 10:36
ტრამპი ირანს აფრთხილებს: „აშშ მზად არის, კვლავ დაარტყას ბირთვულ ობიექტებს“

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეირანს მკაცრი განცხადებით პასუხობს. მისი თქმით, თუ საჭირო გახდება, შეერთებული შტატები კვლავაც მიიტანს იერიშს ირანის ბირთვულ ობიექტებზე.

ეს განცხადება ტრამპმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ, Fox News-ს მიცემულ ინტერვიუში აღიარა, რომ ამერიკულმა ავიაიერიშებმა თეირანის ბირთვულ ინფრასტრუქტურას სერიოზული ზიანი მიაყენა, თუმცა ამავე დროს აღნიშნა, რომ ირანი არ აპირებს უარის თქმას ურანის გამდიდრების პროგრამაზე.

„დიახ, ობიექტები მართლაც განადგურებულია და თუ საჭირო იქნება, კვლავაც დავარტყამთ“, - დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში.

ამერიკამ ბოლო იერიში ირანზე 22 ივნისს მიიტანა. ავიადარტყმები განხორციელდა ბირთვულ ობიექტებზე ისფაჰანში, ნატანზსა და ფორდოში.

არაღჩის თქმით, მიუხედავად ინფრასტრუქტურული ზარალისა, ირანი პროგრამის გაგრძელებას ეროვნული სიამაყის საკითხად განიხილავს და მას არ შეაჩერებს.

ტრამპმა ასევე გააკრიტიკა მედიასაშუალებები, განსაკუთრებით CNN, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებდნენ თავდასხმის ეფექტიანობას.

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ტრამპის მუქარა აჩენს რეგიონში სამხედრო ესკალაციის რისკს და შესაძლოა, დაძაბულობა გაიზარდოს როგორც ახლო აღმოსავლეთში, ისე გლობალურ დონეზე.

მსგავსი სიახლეები