ბანგლადეშში თვითმფრინავის კოლეჯის შენობაზე შეჯახების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 27-მდე გაიზარდა

22.07.25 10:46
ბანგლადეშში თვითმფრინავის კოლეჯის შენობაზე შეჯახების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 27-მდე გაიზარდა

ბანგლადეშში საჰაერო ძალების სასწავლო თვითმფრინავის კოლეჯის შენობაზე შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 27-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ადგილობრივმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს. გამოცემა Associated Press-ის ინფორმაციით, დაღუპულია პილოტიც.

ავიაკატასტროფის შედეგად სასწავლებლის შენობას ცეცხლი გაუჩნდა. ოფიციალური პირების განცხადებით, შემთხვევის შედეგად 171 ადამიანი დაშავდა. ამ დროისთვის საავადმყოფოში 78 ადამიანი რჩება. 

სამხედროების განცხადებით, ჩინური წარმოების F-7 BGI სასწავლო თვითმფრინავს „ტექნიკური გაუმართაობა“ აფრენიდან რამდენიმე წამში, 13:06 საათზე, შეექმნა. პილოტმა სცადა თვითმფრინავის ნაკლებად დასახლებულ ადგილას გადამისამართება, სანამ მაილსტოუნის სკოლისა და კოლეჯის კამპუსს შეეჯახებოდა.