რუსული თავდასხმების შედეგად ხერსონის ოლქში ქალი დაიღუპა, ორი ბავშვი კი მძიმედ დაშავდა
რუსეთის სამხედრო თავდასხმებს ხერსონის ოლქში მსხვერპლი მოჰყვა - დაიღუპა ქალი, ხოლო ორი ბავშვი მძიმედ დაშავდა. ამის შესახებ ხერსონის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრ პროკუდინმა საკუთარ Telegram-არხზე დაწერა.
„რუსებმა მოკლეს ქალი ხერსონის დნეპროვის რაიონში. მორიგი მტრული დაბომბვის შედეგად 66 წლის ადგილობრივმა ქალმა სასიკვდილო ჭრილობა მიიღო,“ - აღნიშნა პროკუდინმა.
მოგვიანებით, მან დამატებითი დეტალებიც გაავრცელა: მისი თქმით, ბელოზერის თემში, ზოროვკის სოფელში დრონებით თავდასხმის შედეგად მძიმედ დაშავდნენ 13 წლის ბავშვები - ბიჭი და გოგო.
„მტრის იერიშის შედეგად ორივე ბავშვმა მიიღო კონტუზია, აფეთქებით გამოწვეული დაზიანებები და დახურული თავის ტვინის ტრავმები,“ — განმარტა პროკუდინმა.
მისივე ინფორმაციით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ბავშვებს ადგილზე გაუწია პირველადი დახმარება.