აფეთქებები, ხანძრები და დახურული აეროპორტები - რუსეთზე დრონებით მასირებული შეტევა განხორციელდა
გასულ ღამეს რუსეთის ათამდე რეგიონში აფეთქებები და ხანძრები იყო. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, საჰაერო თავდაცვის სისტემები უკრაინულ უპილოტო საფრენ აპარატებს იგერიებდნენ. უსაფრთხოების ზომების გამო დროებით დაიხურა რვა აეროპორტი, მათ შორის - სოჭის, სტავროპოლისა და ნალჩიკის.
რუსული Telegram-არხების ცნობით, დრონების სამიზნე იყო სტავროპოლის მხარეში მდებარე ქიმიური ქარხანა „აზოტი“, თუმცა ნევინომისკის მერის, მიხაილ მინენკოვის თქმით, ქალაქში მსხვერპლი და ნგრევა არ დაფიქსირებულა, მიუხედავად იმისა, რომ „37 დრონი“ შეინიშნებოდა.
როსტოვის ოლქში დრონებით შეტევა შვიდ რაიონში მოიგერიეს, მათ შორის ნოვოშახტინსკში, სადაც მდებარეობს რეგიონის ერთადერთი მოქმედი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა - უკვე არაერთხელ დაზარალებული უკრაინული დარტყმებისგან. გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი იური სლიუსარი იუწყება, რომ დაზიანებულია რამდენიმე სახლი და რკინიგზის სადგურის შენობა, ასევე გაჩნდა ხანძრები სოფლების ეზოებში.
კრასნოდარის მხარეში დრონების ნამსხვრევები ჩამოვარდა ტიმაშევსკის რკინიგზის სადგურზე - დაზიანდა სამგზავრო მატარებლის ვაგონი, ორი ადამიანი დაშავდა. გუბერნატორ ვენიამინ კონდრატიევის ცნობით, დაზიანებულია კერძო სახლები ტემრიუკისა და სლავიანსკის რაიონებში.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ღამის განმავლობაში საჰაერო თავდაცვის საშუალებებმა გაანადგურეს 105 უკრაინული დრონი: 26 - ბელგოროდის, 25 - ბრიანსკის, 23 - როსტოვის ოლქში, 9 - აზოვის ზღვის თავზე, 8 - კრასნოდარის მხარეში და სხვ. თუმცა სამინისტრო ტრადიციულად არ ასახელებს იმ დრონების რაოდენობას, რომლებიც სამიზნეს მიაღწია და ზიანის ოდენობასაც არ ადასტურებს.
უკრაინის მხარეს ამ შეტევაზე ოფიციალური განცხადება, დილის 9 საათის მდგომარეობით, არ გაუკეთებია.