აშშ-ის სენატორი სანქციების კანონპროექტზე: „პუტინი მეტ დროს არ იმსახურებს“

30.07.25 10:52
აშშ-ის სენატორი სანქციების კანონპროექტზე: „პუტინი მეტ დროს არ იმსახურებს“

აშშ-ის სენატორმა რიჩარდ ბლუმენტალმა განაცხადა, რომ სანქციების შესახებ კანონპროექტს სწრაფად უნდა უყარონ კენჭი, რადგან, მისი თქმით, კრემლის ლიდერი ვლადიმერ პუტინი „მეტ დროს არ იმსახურებს“.

მისი თქმით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს, 100-დან 85 სენატორი უჭერს მხარს და საჭიროების შემთხვევაში 90 ხმის მოპოვებაც შესაძლებელია.

ჩვენ სანქციების კანონპროექტზე კენჭისყრა უნდა დავაჩქაროთ. ყველაფერი, რასაც პრეზიდენტი აკეთებს, ეს სწორი მიმართულებაა, მაგრამ მე მხარს ვუჭერ იმას, რომ სანქციები 500%-იანი იყოს და არა 100%-იანი.

ვფიქრობ, რომ კენჭისყრა აუცილებელია. ახლა მოქმედების დროა და არა მხოლოდ პრეზიდენტის აღმასრულებელი ბრძანების, არამედ საკანონმდებლო ინიციატივის, რათა პრეზიდენტსა და კონგრესს შორის ერთიანობა და უკრაინის მიმართ ერთგულება ვაჩვენოთ“, - განაცხადა რიჩარდ ბლუმენტალმა.

ცნობისთვის, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტის ავტორები სენატორები ლინდსი გრემი (რესპუბლიკური პარტია) და რიჩარდ ბლუმენტალი (დემოკრატიული პარტია) არიან. კანონპროექტი იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც რუსულ ნავთობს ყიდულობენ, 500%-იანი ტარიფების დაწესებას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები