Fox News: ტრამპისა და პუტინის შეხვედრა, სავარაუდოდ, 11 აგვისტოსთვის მზადდება

08.08.25 16:35
Fox News: ტრამპისა და პუტინის შეხვედრა, სავარაუდოდ, 11 აგვისტოსთვის მზადდება

Fox News-ის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის შეხვედრა შესაძლოა, 11 აგვისტოს გაიმართოს.

გამოცემა საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ შეხვედრის სავარაუდო ადგილად რომი განიხილება.

"მოლაპარაკებებთან დაკავშირებულმა ორმა წყარომ Fox News-ს განუცხადა, რომ შეხვედრა მომავალი ორშაბათისთვის მზადდება და რომი შეხვედრის ერთ-ერთი შესაძლო ადგილია", - წერს გამოცემა. 

პარალელურად, რუსული პროპაგანდისტული მედია TASS წყაროებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ შეხვედრა რომში არ გაიმართება. 

7 აგვისტოს ვლადიმირ პუტინის თანაშემწე იური უშაკოვმა განაცხადა, რომ აშშ და რუსეთი პრეზიდენტებს შორის შეხვედრაზე შეთანხმდნენ.

მანამდე The New York Times-მა დაწერა, რომ დონალდ ტრამპი გეგმავს შეხვდეს რუსეთის პრეზიდენტს, რის შემდეგაც, გეგმის მიხედვით, სამი ქვეყნის ლიდერს შორის სამმხრივი შეხვედრა გაიმართება.

გამოცემის ცნობით, ამის შესახებ მან ევროპელ ლიდერებს აცნობა, რომლებმაც დონალდ ტრამპს მხარი დაუჭირეს.

დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა პირველი იქნება მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი კვლავ აშშ-ის პრეზიდენტი გახდა.

მსგავსი სიახლეები