თეთრი სახლი ალასკის შტატში პუტინთან ერთად ზელენსკის მიწვევას განიხილავს - მედია

10.08.25 10:11
 თეთრი სახლი ალასკის შტატში პუტინთან ერთად ზელენსკის მიწვევას განიხილავს - მედია

თეთრი სახლი ალასკის შტატში, სადაც პუტინისა და ტრამპის შეხვედრა იგეგმება, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიწვევას განიხილავს - ამის შესახებ NBC News საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს

NBC-სთან საუბრისას ანონიმურმა წყაროებმა თქვეს, რომ ჯერჯერობით შეხვედრის დაგეგმვა არ დასრულებულა და გარკვეული არ არის, მიწვეული იქნება თუ არა ზელენსკი ალასკაში შეხვედრისთვის.

"ყველა იმედოვნებს, რომ ეს მოხდება" -  უთხრა გამოცემას ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა.

"პრეზიდენტი ღია რჩება ორივე ლიდერთან სამმხრივი სამიტისთვის. ამ მომენტისთვის თეთრი სახლის ყურადღება პრეზიდენტი პუტინის მიერ მოთხოვილი ორმხრივი შეხვედრის დაგეგმვაზეა მიმართული". - თქვა ერთ-ერთმა წყარომ NBC-სთან საუბრისას. 

NBC-ის ერთ-ერთი წყაროს თქმით, ჯერჯერობით უცნობია, იქნება თუ არა ზელენსკი პუტინთან ერთად ერთ ოთახში იმ შემთხვევაში, თუ ალასკის შტატში ჩავა. 

ცნობისთვის,  დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ 15 აგვისტოს ალასკის შტატში პუტინს შეხვდება.