უკრაინამ და ევროპამ შტატებს პუტინთან მოლაპარაკებების საკუთარი გეგმა წარუდგინეს
ევროპელმა ლიდერებმა და უკრაინამ პუტინის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობების საპასუხოდ აშშ-ს საკუთარი გეგმა წარუდგინეს - ამის შესახებ გამოცემა Wall Street Journal საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
როგორც WSJ აღნინავს, ევროპის ქვეყნების გეგმა შეადგინეს უკრაინამ, გაერთიანებულმა სამეფომ, გერმანიამ და საფრანგეთმა.
გამოცემის ინფორმაციით, ევროპული შეთავაზება ევროპის ლიდერების წარმომადგენლებმა ვიცეპრეზიდენტ ჯეი დი ვენსს, სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს და პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლებს, კით კელოგსა და სტივ უიტკოფს დღეს, 9 აგვისტოს ინგლისში შეხვედრისას წარუდგინეს.
გავრცელებული ცნობით, შეხვედრის დროს ევროპელმა წარმომადგენლებმა ხელახლა გაიმეორეს, რომ უკრაინის მომავალის განხილვა უკრაინის გარეშე დაუშვებელია და ასევე თქვეს, რომ უკრაინისთვის შეიარაღებისა და დაფინანსების მიწოდებას გააგრძელებენ, მიუხედავად იმისა, თუ ვაშინგტონი რას გადაწყვეტს.
WSJ-ს მიხედვით, კიევისა და ევროპელი მოკავშირეების წინადადება აუცილებელ ცეცხლის შეწყვეტას ითვალისწინებს ნებისმიერ სხვა ნაბიჯებამდე და რაიმე სახის “ტერიტორიების გაცვლას” მხოლოდ ორმხრივ საფუძველზე - თუ უკრაინა ზოგიერთი რეგიონიდან გაიყვანს თავის ძალებს, რუსეთმა სხვა რეგიონებიდან უნდა გაიყვანოს თავისი ძალები.
წყაროები Wall Street Journal-ს ეუბნებიან, რომ ზოგიერთმა ევროპელმა მაღალჩინოსანმა თქვა, რომ დონეცკიდან უკრაინული ძალების გასვლის შემთხვევაში რუსეთმა ზაპოროჟიესა და ხერსონის ოკუპირებული ტერიტორიები უნდა დატოვოს.
დამატებით, გეგმის თანახმად, კიევის მხრიდან ნებისმიერი ტერიტორიული დათმობები უსაფრთხოების მყარი გარანტიებით უნდა იყოს გამაგრებული - კერძოდ, ნატო-ში უკრაინის პოტენციური წევრობით.
როგორც გამოცემა წერს, ევროპული გეგმა ნებისმიერი სხვა ნაბიჯის გადადგმამდე უპირობო ცეცხლის შეწყვეტას მოითხოვს.
WSJ-ს რამდენიმე წყაროს თანახმად, პუტინის მიერ აშშ-ს სპეციალური წარმომადგენლისთვის, სტივ უიტკოფისთვის წარდგენილი წინადადება ითვალისწინებს, რომუკრაინამ დონეცკის ოლქის მესამედი, რომელსაც ჯერ ისევ აკონტროლებს, რუსეთს უნდა დაუთმოს, ხოლო ფრონტის ხაზი სხვაგან, მათ შორის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში, გაიყინება.