უკრაინის საგარეოს პახუხი ფიცოს, რომელმაც უკრაინა „სპილოებთან“ დავაში „ბალახს“ შეადარა

10.08.25 15:35
უკრაინის საგარეოს პახუხი ფიცოს, რომელმაც უკრაინა „სპილოებთან“ დავაში „ბალახს“ შეადარა

როგორც არ უნდა დასრულდეს სპილოების საუბარი 15 აგვისტოს, ბალახი - უკრაინა - დაზარალდება - ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, რობერტ ფიცო აცხადებს, რითაც დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის დაგეგმილ სამიტს ეხმაურება.

„გახსოვთ ძველი აფრიკული ჭეშმარიტება, რომლის გამეორებაც მიყვარს? არ აქვს მნიშვნელობა სპილოები ჩხუბობენ თუ სექსით კავდებიან, ბალახი ყოველთვის ზარალდება. როგორც არ უნდა დასრულდეს სპილოების საუბარი 15 აგვისტოს, ბალახი - ამ შემთხვევაში, უკრაინა - დაზარალდება“, - აღნიშნა ფიცომ.

რობერტ ფიცომ ჯერ კიდევ ვერ გაიგო რუსეთის დანაშაულებრივი შეჭრის ნამდვილი მიზეზები, ასევე ის საფრთხე, რომელსაც აგრესორ სახელმწიფოსთან ლაქუცი ქმნის - ეს კი უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პასუხია, რომელიც  სლოვაკეთის პრემიერის აღნიშნულ კომენტარს მოჰყვა.

სამწუხაროა, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მთავრობის მეთაური თავს უფლებას აძლევს გამოიყენოს ღიად შეურაცხმყოფელი რიტორიკა უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ, რომლებიც ყოველდღიურად გმირულად ებრძვიან რუსულ აგრესიას და მთელი ევროპის უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე აკავებენ მას საკუთარ მიწაზე, - წერს ომში მყოფი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო. 

„გაფრთხილებთ, არ გამოიყენოთ არამეგობრული ფოლკლორული ალეგორიები და არ სცადოთ მსგავსი განცხადებებით საკუთარი პარტიის პოლიტიკური რეიტინგის გაზრდა. ეს არის უაზრობა, რომელიც შეურაცხყოფს დაღუპულთა ხსოვნას, მილიონობით უკრაინული ოჯახის ტანჯვას და თავისუფლებისთვის მებრძოლთა თავგანწირვას“, - აღნიშნულია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები