სამხრეთ ევროპაში მაღალი ტემპერატურის გამო გაჩენილ ხანძრებს ებრძვიან - არიან დაღუპულები
BBC-ის ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საბერძნეთში 152-ზე მეტი ახალი ხანძრის კერა გაჩნდა. ხანძრის ლოკალიზებისთვის 4 850 მეანძრე იბრძვის. ტურისტული კუნძულებიდან - ქიოსიდან და ზაკინტოსიდან ათასობიტ ადამიანია ევაკუირებული. საბერძნეთის ხელისუფლებამ ევროკავშირის სხვა ქვეყნებს სახანძრო თვითმფრინავები სთხოვა.
ევროპაში, კვირის დასაწყისში რამდენიმე ადგილას ტემპერატურამ 40 გრადუსს გადააჭარბა, რეკორდული ტემპერატურა საფრანგეთსა და სლოვენიაში დაფიქსირდა.
ესპანეთში, ალბანეთსა და თურქეთში სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა. ათობით ადამიანი, მათ შორის მეხანძრეები კვამლის შესუნთქვისა და დამწვრობის გამო სამკურნალოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ესპანეთში, ჩრდილო-დასავლეთ პროვინცია ლეონში ღამით 4 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. იმავე რაიონში დაიღუპა მოხალისე მეხანძრე. მას შემდეგ, რაც ქარმა საცხოვრებელ სახლებთან ახლოს ხანძარი გამოიწვია, მადრიდის მახლობლად, ტრეს კანტოსში, საცხენოსნო ცენტრის თანამშრომელი მძიმე დამწვრობის შედეგად გარდაიცვალა. ესპანეთის მთავრობამ ეროვნული საგანგებო სიტუაციების რეაგირების დონე გაზარდა.
იტალიაში სიცხეს ერთი ბავშვი ემსხვერპლა. სიცხის საფრთხის შესახებ წითელი განგაში გამოცხადდა იტალიის სულ მცირე 10 ქალაქში, მათ შორის რომში, მილანსა და ფლორენციაში.
სამ მსხვილ ხანძარს ებრძვიან პორტუგალიაშიც. მათ შორის ქვეყნის ცენტრში, ტრანკოზოში გაჩენილ დიდ ცეცხლს.
თურქეთში ხანძრის გამო დარდანელის სრუტე და ჩანაკალეს აეროპორტი დაიხურა. ევაკუირებულია ასობით ადამიანი.