დაპირისპირება სერბეთში - მმართველი პარტიის მხარდამჭერებსა და ანტისამთავრობო აქციის მონაწილეებს შორის შეტაკებებია

14.08.25 10:04
დაპირისპირება სერბეთში - მმართველი პარტიის მხარდამჭერებსა და ანტისამთავრობო აქციის მონაწილეებს შორის შეტაკებებია

არეულობა სერბეთში - მმართველი პარტიის „სერბეთის პროგრესული პარტიის“ მხარდამჭერებსა და ანტისამთავრობო აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა.

ისროდნენ პიროტექნიკას, ქვებსა და სხვა საგნებს. პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა და არეულობების არაერთი მონაწილე დააკავა.

Reuters-ის ინფორმაციით, სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდარ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ დაპირისპირების შედეგად 16 პოლიციელი და მმართველი პარტიის 60 მხარდამჭერი დაშავდა.

„კანონის დამრღვევ ადამიანებს დააკავებენ. დღეს საღამოს უცხოეთიდან ვიღაცის მიერ დაგეგმილი კატასტროფული სცენარი ავიცილეთ თავიდან“, - განაცხადა სერბეთის პრეზიდენტმა.

ანტისამთავრობო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა ბელგრადშიც, სადაც პოლიციამ დემონსტრანტებს მმართველი პარტიის ოფისებთან მიახლოების საშუალება არ მისცა.

შეგახსენებთ, სერბეთში სამთავრობო კორუფციის წინააღმდეგ საპროტესტო აქციების ტალღა, რომელსაც სტუდენტები ხელმძღვანელობენ, მას შემდეგ დაიწყო, რაც გასული წლის ნოემბერში ქალაქ ნოვი სადში რკინიგზის სადგურის სახურავი ჩამოინგრა, რასაც 16 ადამიანი ემსხვერპლა.