მაკრონი: ტერიტორიულ საკითხებზე მოლაპარაკებები არ შეიძლება განიხილებოდეს უკრაინის პრეზიდენტის გარეშე
უკრაინასთან დაკავშირებით არაფერი არ უნდა გადაწყდეს უკრაინელების გარეშე - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ევროპელ პარტნიორებთან და პრეზიდენტ ტრამპთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ ცეცხლის შეწყვეტა ნებისმიერი მოლაპარაკების აუცილებელი წინაპირობაა:
ჩვენ გვსურს, რომ ყველაფერი რაც უკრაინას უკავშირდება განიხილონ უკრაინასთან ერთად. ჩვენ გვსურს მტკიცე და ხანგრძლივი მშვიდობა. მშვიდობა, რომელიც ტერიტორიულ საკითხებს გადაჭრის და მომავლის უსაფრთხოების გარანტიებს უზრუნველყოფს.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაგეგმილი შეხვედრის დროს აშშ-მ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიოს და ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ ინიციატივას, პატიმრების გაცვლასა და ბავშვების გათავისუფლებასთან ერთად. მეორე საკითხია, რომ ტერიტორიულ საკითხებზე მოლაპარაკებები არ შეიძლება განიხილებოდეს უკრაინის პრეზიდენტის გარეშე და განიხილება მხოლოდ მასთან ერთად. ეს არის პოზიცია, რომელსაც ჩვენ ვუჭერთ მხარს და ეს ძალიან ნათლად გამოხატა პრეზიდენტმა ტრამპმაც"- თქვა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, ვოლოდიმირ ზელენსკი გუშინ ბერლინში ჩავიდა, სადაც მან ვიდეოკონფერენციები გამართა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და ევროპელ ლიდერებთან.