ზელენსკი: რუსეთს არ უნდა ჰქონდეს უფლება, ვეტო დაადოს უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივას

14.08.25 12:40
ზელენსკი:  რუსეთს არ უნდა ჰქონდეს უფლება, ვეტო დაადოს უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივას

"ჯერ უნდა გამოცხადდეს ცეცხლის შეწყვეტა, შემდეგ კი დაწესდეს „რეალური უსაფრთხოების გარანტიები“ - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ევროპელი ლიდერებისა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა.

ზელენსკის თქმით,  რუსეთს არ უნდა ჰქონდეს ვეტოს უფლება უკრაინის ევროპულ ან ნატოს პერსპექტივებზე.

ჯერ უნდა იყოს ცეცხლის შეწყვეტა, შემდეგ კი – უსაფრთხოების გარანტიები, რეალური უსაფრთხოების გარანტიები. მსოფლიოს ყველა ლიდერს ერთი რამ სურს – მშვიდობა უკრაინაში. ყველაფერი, რაც დაკავშირებულია უკრაინასთან, უკრაინასთან ერთად უნდა განიხილონ, ჩვენ უნდა ვიყოთ საუბრის ნაწილი. ტრამპმა დღეს მხარი დაგვიჭირა და აშშ მზადაა, მხარი დაგვიჭიროს. პუტინი იტყუება, როცა ამბობს, რომ მთელი უკრაინის ოკუპაცია შეუძლია. ეს სიმართლეს არ შეესაბამება.  რუსეთს არ უნდა ჰქონდეს უფლება, ვეტო დაადოს უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივას. უნდა იყოს ერთობლივი ზეწოლა რუსეთზე, უნდა იყოს სანქციები და ისინი უნდა გამკაცრდეს, თუ რუსეთი ცეცხლის შეწყვეტას არ დათანხმდება. პუტინი ვერავის მოტყუებას ვერ შეძლებს. მშვიდობისთვის დამატებითი ზეწოლა გვჭირდება. არა მხოლოდ ამერიკული, არამედ ევროპული სანქციებიც. ჩვენი პოზიცია არ შეცვლილა, რადგან ის უკრაინის კონსტიტუციას ეფუძნება და უკრაინის კონსტიტუცია არ შეცვლილა. ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი, არ შეიძლება, განიხილებოდეს ჩვენი ხალხის, ჩვენი ხალხის ნებისა და უკრაინის კონსტიტუციის გაუთვალისწინებლად.  ჩვენ ვისაუბრეთ ალასკაზე დაგეგმილ შეხვედრაზე. იმედი გვაქვს, შეხვედრის მთავარი თემა იქნება ცეცხლის შეწყვეტა. ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტა. აშშ-ის პრეზიდენტმა ეს არაერთხელ თქვა. მან შემომთავაზა, რომ ალასკაში შეხვედრის შემდეგ ჩვენ ვისაუბრებთ და განვიხილავთ ყველა შედეგს, თუ ასეთი იქნება, და განვსაზღვრავთ შემდგომ ერთობლივ ნაბიჯებს"- განაცხადა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, ვოლოდიმირ ზელენსკი გუშინ ბერლინში ჩავიდა, სადაც მან ვიდეოკონფერენციები გამართა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და ევროპელ ლიდერებთან.