პესკოვის თქმით, პუტინი და ტრამპი მზად არიან „ყველაზე რთული საკითხების“ განსახილველად
კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ პუტინი და ტრამპი მზად არიან „ყველაზე რთული საკითხების“ განსახილველად. ამის შესახებ მან რუსულ პროპაგანდისტულ მედიასთან ისაუბრა.
პესკოვი ასევე ევროკავშირსაც გადაწვდა და თქვა, რომ მათგან ჯერ მსგავსი დიალოგისთვის მზადყოფნა და ადეკვატური პასუხი არ მიუღიათ.
ცხადია, განვიხილავთ უკრაინის საკითხს. სიტუაცია რთულია, მრავალმხრივია. აქედან გამომდინარე, ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა გამოავლინეს კეთილი ნება დიალოგით საკითხის გადაჭრასთან დაკავშირებით. ასეთი ორმხრივი პოლიტიკური ნება დეფიციტშია. აი, მაგალითად, ევროპული კავშირიდან ასეთი ადეკვატური პასუხი არ გვაქვს, მაგრამ როგორც ვხედავთ, პრეზიდენტი პუტინი და ტრამპი მზად არიან საუბრისათვის. და იქნება განხილული ყველაზე რთული საკითხები, - განაცხადა პესკოვმა.
თბილისის დროით 23 საათსა და 30 წუთზე მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში ალასკა იქნება. ტრამპი და პუტინი ერთმანეთს ქალაქ ანკორიჯის მახლობლად სამხედრო ბაზაზე ხვდებიან. ორივე მხარე აუდიენციაზე ხუთ- ხუთ კაციანი დელეგაციით იქნება წარმოდგენილი. დონალდ ტრამპი აანონსებს, რომ თუ ამ აუდიენციის შემდეგ პუტინი ომს არ შეწყვეტს, შედეგი მძიმე იქნება.