"ფსონები მაღალია!" - ტრამპი ალასკის სამიტის წინ ხმაურიან პოსტს აქვეყნებს

15.08.25 15:21
"ფსონები მაღალია!" - ტრამპი ალასკის სამიტის წინ ხმაურიან პოსტს აქვეყნებს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში, რუსეთისა და აშშ-ის ლიდერების ალასკაზე დაგეგმილი ისტორიული სამიტის წინ, მოკლე და ემოციური პოსტი გამოაქვეყნა: „HIGH STAKES!!!“ - „ფსონები მაღალია!".  პოსტი გამოქვეყნდა 14 აგვისტოს, რამდენიმე საათით ადრე, ვიდრე ტრამპი ვაშინგტონიდან ანკორიჯისკენ გაემგზავრებოდა.

სამიტი ანკორიჯში დღეს საღამოს დაიწყება და მასში მონაწილეობას მიიღებს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და დელეგაცია, რომელშიც შედიან საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და ფინანსთა მინისტრი ანტონ სილუანოვი. ოფიციალური დღის წესრიგის მიხედვით, განხილვის მთავარი თემა უკრაინის ომის დასრულების შესაძლო გეგმაა, თუმცა მოსალოდნელია, რომ მოლაპარაკებები შეეხება ეკონომიკურ საკითხებსაც.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა შეხვედრის წინ განაცხადა, რომ „ორივე ქვეყნის ლიდერებმა გამოხატეს კეთილი ნება დიალოგით რთული საკითხების გადასაჭრელად“, თუმცა ევროკავშირიდან მსგავსი პოლიტიკური ნება „დეფიციტშია“.

სამიტის მიმართ კრიტიკული განწყობა შეინიშნება როგორც უკრაინაში, ასევე დასავლურ სახელმწიფოებში, სადაც სკეპტიკურად უყურებენ პუტინთან შეთანხმების შესაძლებლობას, მითუმეტეს, როცა საქმე ოკუპირებულ უკრაინულ ტერიტორიებს ეხება. ანკორიჯში შეხვედრას წინ უძღოდა უკრაინის მხარდამჭერი მასშტაბური აქციები, ბანერებით „Alaska Stands With Ukraine“.


ეს არის პირველი პირისპირ შეხვედრა ტრამპსა და პუტინს შორის მას შემდეგ, რაც 2025 წლის დასაწყისში ამერიკულ-რუსული ურთიერთობები გამწვავდა უკრაინაში საომარი მოქმედებების გაჭიანურებისა და სანქციების გამკაცრების ფონზე. ანკორიჯი შემთხვევით არ შეირჩა - ქალაქი გეოპოლიტიკურად სიმბოლურია, როგორც აშშ-ის ჩრდილოეთ-დასავლეთ კარიბჭე რუსეთისკენ.

მსგავსი სიახლეები