ტრამპის და პუტინის პრესკონფერენცია შეთანხმების გამოცხადების გარეშე დასრულდა - რაზე ისაუბრეს ლიდერებმა
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის პრესკონფერენცია შეთანხმების გამოცხადების გარეშე დასრულდა.
დაახლოებით 12 წუთიანი საუბრის განმავლობაში ლიდერს პრეზიდენტებმა ილაპარაკეს პროგრესზე, თუმცა შეთანხმების საკითხები თუ დეტალები არ გამოუცხადებიათ.
პირველი სიტყვით გამოვიდა პუტინი, რომელმაც კონსტრუქციული უწოდა ტრამპთან მოლაპარაკებას და აშშ-ის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისთვის და მეგობრული ტონისთვის.
“ჩვენი ქვეყანა გულწრფელად დაინტერესებულია ამის დასრულებაში. ამავდროულად, დარწმუნებულები ვართ, შეთანხმება მყარი და ხანგრძლივი რომ იყოს, საჭიროა ამ კონფლიქტის ყველა ძირეული მიზეზის, ძირეული მიზნის აღმოფხვრა და ეს რამდენჯერმე ვთქვით. საჭიროა რუსეთის ყველა ლეგიტიმური ინტერესის გათვალისწინება და ევროპასა და მთლიანად მსოფლიოში უსაფრთხოების სამართლიანი ბალანსის აღდგენა.
პრეზიდენტ ტრამპს ვეთანხმები, როგორც დღეს თქვა, რომ ბუნებრივია უკრაინის უსაფრთხოებაც უზრუნველყოფილი უნდა იყოს. ბუნებრივია, მზად ვართ ამაზე ვიმუშაოთ. იმედი მაქვს, რომ შეთანხმება, რომელსაც ერთად მივაღწიეთ, დაგვეხმარება ამ მიზნის მიღწევაში და გზას გაგვიკაფავს უკრაინაში მშვიდობისკენ. მოველით, რომ კიევი და ევროპული დედაქალაქები ამაზე კონსტრუქციულად იმუშავებენ და ამას არ დააზიანებენ", - განაცხადა პუტინმა.
ტრამპის განცხადებით, სამიტზე "დიდი პროგრესი" იქნა მიღწეული. "არის ბევრი, ბევრი საკითხი, რომლებზეც შევთანხმდით - მე ვიტყოდი უმეტესობაზე, რამდენიმე დიდ [საკითხზე] ჯერ ბოლომდე ვერ გავედით, მაგრამ წინსვლა გვქონდა"
“მადლობა, ბატონო პრეზიდენტო. ძალიან საფუძვლიანი და ჩემი რწმენით, ძალიან პროდუქტიული შეხვედრა გვქონდა. ბევრ საკითხზე შევთანხმდით, ვიტყოდი, რომ უმეტესობაზე. ზოგიერთ დიდ საკითხზე ბოლომდე ვერ შევთანხმდით, მაგრამ წინ წავიწიეთ. შეთანხმება არ არის, სანამ შეთანხმება არ იქნება. ნატოს წარმომადგენლებს დავურეკავ ცოტა ხანში. სხვადასხვა ხალხს დავურეკავ, ვინც მგონია, რომ სათანადოა. რა თქმა უნდა, პრეზიდენტ ზელენსკის დავურეკავ და დღევანდელ შეხვედრაზე ვეტყვი. საბოლოო ჯამში ეს მათზეა დამოკიდებული დათანხმდებიან თუ არა იმას, რასაც მარკომ [რუბიო] და სტივმა [უიტკოფი] მოიფიქრეს…ძალიან ველით შეთანხმებას. ნამდვილად დიდ პროგრესს მივაღწიეთ დღეს", - განაცხადა ტრამპმა.
სამიტის დასრულებისას ტრამპმა აღნიშნა, რომ მალე დაუკავშირდება უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და ევროპელ ლიდერებს. პუტინმა კი მომავალ შეხვედრაზე მიანიშნა, სიტყვებით - „შემდეგში მოსკოვში“.
შეხვედრა მოსალოდნელზე მოკლე იყო და ჟურნალისტების შეკითხვების გარეშე დასრულდა.
gამოცემა როიტერი წერს, რომ პუტინმა ტრამპს რუკები და ისტორიული მასალები გადასცა, რომელიც მისი მტკიცებით, მოწმობს უკრაინული სახელმწიფოს შექმნის ხელოვნურ-გამოგონილ ხასიათს.