Bloomberg: ტრამპმა ზელენსკის განუცხადა, რომ პუტინი კვლავ მთელი დონბასის გადაცემას მოითხოვს
Bloomberg-ის ინფორმაციით, დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკის და ევროპელ ლიდერებს ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ სატელეფონო საუბრის დროს განუცხადა,რომ პუტინი კვლავაც მოითხოვს მთელი დონბასის გადაცემას, თუმცა აღნიშნა, რომ უკრაინამ თავად უნდა გადაწყვიტოს თავისი ტერიტორიების საკითხი.
ტრამპის თქმით, პუტინს კვლავ სურს, რომ კიევმა დათმოს კონტროლი ლუგანსკისა და დონეცკის მთელ ოლქებზე.
სააგენტოს წყაროების ცნობითვე, რუსეთი ასევე მზად არის უარი თქვას ზაპოროჟიისა და ხერსონის იმ ნაწილებზე, რომლებიც მისი კონტროლის ქვეშ არ არის, რითაც ფაქტობრივად გაყინავს ფრონტის ხაზს.
ზელენსკიმ არაერთხელ გამორიცხა ტერიტორიების დათმობის შესაძლებლობა.
„ბლუმბერგთან“ ანონიმურობის პირობით საუბრისას წყაროები აღნიშნავენ, რომ ზოგიერთი ევროპელი მაღალჩინოსანი შეშფოთებულია, რომ ტრამპი ზეწოლას განახორციელებს ზელენსკიზე ტერიტორიული დათმობებისთვის შეთანხმების მისაღწევად.