ზელენსკი, ფონ დერ ლაიენი და ევროპის ლიდერები ხვალ ტრამპთან შესახვედრად გაემგზავრებიან
ევროპული კომისიის თავმჯდომარე ურსულა ფონ დერ ლაიენი 18 აგვისტოს ვაშინგტონში გაემგზავრება აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და ევროპის ლიდერებთან ერთად. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა.
„პრეზიდენტ ზელენსკის თხოვნით, ხვალ შევუერთდები პრეზიდენტ ტრამპთან და სხვა ევროპელ ლიდერებთან შეხვედრას თეთრ სახლში,“ - აღნიშნა ფონ დერ ლაიენმა.
ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, დღეს, 17 აგვისტოს, ის ბრიუსელში ზელენსკის მიიღებს. ერთად ისინი მონაწილეობას მიიღებენ „სურვილების კოალიციის“ ვიდეოკონფერენციაში.
Sky News-ის ცნობით, ტრამპთან შეხვედრაზე ვაშინგტონში ასევე ჩავლენ გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი და იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯა მელონი. გარდა ამისა, ვიზიტი დაადასტურეს საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდერ სტუბმა.