უიტკოფი: რუსეთი უკრაინის 5 ოლქთან დაკავშირებით დათმობაზე წავიდა
რუსეთი უკრაინის 5 ოლქთან დაკავშირებით დათმობაზე წავიდა, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა. მოგვიანებით მან ხაზი გაუსვა, რომ კრემლის დიქტატორ ვლადიმირ პუტინის „დათმობა“ იმაში მდგომარეობს, რომ რუსეთი არ დაიკავებს უკრაინის მთელ ტერიტორიას.
გარდა ამისა, CNN-ის ეთერში უიტკოფმა დაამატა: „აშშ და რუსეთმა შეთანხმებას მიაღწიეს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე, მაგრამ ახლა ყველაფერი თავად უკრაინაზეა დამოკიდებული.“
მისი თქმით, ეს გარანტიები უნდა მუშაობდეს „ნატოს ხელშეკრულების მეხუთე მუხლის ანალოგიურად“.
ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ ორშაბათს, კერძოდ, ტერიტორიული საკითხი განიხილება.
გარდა ამისა, მისი განცხადებით, რუსეთმა საკუთარ კონსტიტუციაში უნდა ჩაწეროს, რომ „არ დაესხმება თავს ევროპულ ქვეყნებს“. ასევე, მისი თქმით, ტრამპი თითქოს აცნობიერებს, რომ სწორედ უკრაინელებმა უნდა გადაწყვიტონ, როგორ მოახდინონ მიწების გაცვლა ან როგორ მოილაპარაკონ რუსებთან ტერიტორიებზე.