რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო შეთანხმება - რუბიო "ერთადერთ" გზას ასახელებს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ, განაცხადა, რომ უკრაინა და რუსეთი დათმობებზე უნდა წავიდნენ, რათა სამშვიდობო შეთანხმებას მიაღწიონ. ამის შესახებ მან NBS News-ის ეთერში თქვა.
მისი თქმით, შეთანხმების მიღწევის ერთადერთი გზა არის ის, რომ „თითოეულმა მხარემ რაღაც მიიღოს და რაღაც დათმოს“.
„შეთანხმების ერთადერთი გზა არის ის, რომ თითოეულმა მხარემ რაღაც მიიღოს და რაღაც დათმოს - და ეს ძალიან რთული იყო. მარტივი რომ ყოფილიყო, ეს პროცესი 3,5 წელი არ გაგრძელდებოდა... სწორედ ამიტომ ჩამოდის ხვალ ზელენსკი,“ — აღნიშნა რუბიომ.
ამავე დროს, სახელმწიფო მდივანი ირწმუნება, რომ აშშ მუშაობს უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების შექმნაზე, ამიტომ რუსეთმა კიევის ეს მოთხოვნა უნდა გაითვალისწინოს.
პოლიტიკოსმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ აშშ საკუთარ თავს უკრაინის კონფლიქტის მონაწილედ არ მიიჩნევს.
მისივე თქმით, რუსეთ–უკრაინის ომის გადაწყვეტის საუკეთესო შედეგი აშშ-ისთვის იქნება სრულფასოვანი სამშვიდობო ხელშეკრულება და არა დროებითი ცეცხლის შეწყვეტა.