ფონ დერ ლაიენმა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-19 პაკეტი დააანონსა

17.08.25 18:53
ფონ დერ ლაიენმა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-19 პაკეტი დააანონსა

"უკრაინას შეუძლია ევროპის მხარდაჭერაზე დაყრდნობა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ. ევროკავშირი გააგრძელებს მოსკოვზე დიპლომატიური და ეკონომიკური ზეწოლის განხორციელებას, მათ შორის სანქციების შემოღებით", -  ამის შესახებ განაცხადა ევროკომისიის თავმჯდომარემ ურსულა ფონ დერ ლაიენმა, ბრიუსელში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად, თეთრ სახლში ვიზიტის წინ.

„ჩვენ თქვენ იმდენ ხანს დაგიჭერთ მხარს, რამდენიც საჭიროა სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისთვის. და ეს მშვიდობა უნდა იყოს მიღწეული ძალით,“ – აღნიშნა მან.

მისივე განცხადებით, ევროპა მომავალშიც გააგრძელებს რუსეთზე დიპლომატიურ და ეკონომიკურ ზეწოლას. 

„ჩვენ გავაგრძელებთ სანქციების გამკაცრებას. უკვე მივიღეთ 18 პაკეტი და ვამზადებთ 19-ე პაკეტს. ეს პაკეტი სექტემბრის დასაწყისში იქნება მიღებული. ვიცით, რომ სანქციები ეფექტიანია. უკვე გავაკეთეთ ისე, რომ დაბლოკილი რუსული აქტივები უკრაინის სასარგებლოდ მუშაობდეს. და გავაგრძელებთ ზეწოლას რუსეთის სამხედრო ეკონომიკაზე, რათა პუტინი იძულებული გავხადოთ, დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან,“ – აღნიშნა ევროკომისიის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, ამ საკითხზე მუშაობა ტრამპთან ერთად მიმდინარეობს.

„ყველა ამ თემას და სხვა საკითხებს განვიხილავთ ხვალ თეთრ სახლში ჩვენს შეხვედრაზე. ახლა ის დროა, როდესაც უკრაინა თავის ბედს თავად წყვეტს. და მას შეუძლია, ევროპაზე დაიყრდნოს,“ – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

მსგავსი სიახლეები