ФСБ ამტკიცებს, რომ უკრაინა ყირიმის ხიდზე ტერორისტულ აქტს ამზადებდა, ბომბი კი საქართველოს გავლით შეიტანეს

18.08.25 12:28
ФСБ ამტკიცებს, რომ უკრაინა ყირიმის ხიდზე ტერორისტულ აქტს ამზადებდა, ბომბი კი საქართველოს გავლით შეიტანეს

რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახური (ФСБ) აცხადებს, რომ „უკრაინის სპეცსამსახურების მორიგი მცდელობა“ -  ყირიმის ხიდზე დიდი სიმძლავრის ბომბის აფეთქება აღკვეთეს.

უწყების ვერსიით, ასაფეთქებელი მოწყობილობა დამალული იყო Chevrolet Volt-ის ავტომობილში, რომელიც უკრაინიდან საქართველოს გავლით, ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვები პუნქტით შევიდა რუსეთში. ФСБ-ის განცხადებით, ავტომობილი კრასნოდარის მხარეში უნდა გადაეტანათ კერძო გადამზიდავის მეშვეობით.

დიდი სიმძლავრის ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობით დატვირთული ავტომობილი უკრაინიდან რამდენიმე ქვეყნის გავლით რუსეთში ჩავიდა. მან რუსეთისა და საქართველოს საზღვარი გადაკვეთა საერთაშორისო საკონტროლო-გამშვებ პუნქტში „ზემო ლარსი“ ჩრდილოეთ ოსეთის – ალანიის რესპუბლიკაში და უნდა გაეგრძელებინა გზა კრასნოდარის მხარისკენ კერძო გადამზიდავის მიერ მართული ავტომზიდით, - ნათქვამია განცხადებაში.

სამსახურის ინფორმაციით, შემდგომ მანქანა სხვა მძღოლს უნდა გადაეცა, რომელსაც ბომბის არსებობის შესახებ არაფერი ეცოდინებოდა და ყირიმის ხიდის გავლით ყირიმში შესვლისას „გაუცნობიერებელი თვითმკვლელი ტერორისტის“ როლს შეასრულებდა.

ეფ ეს ბე იუწყება, რომ შეძლეს ასაფეთქებლის იდენტიფიცირება და გაუვნებელყოფა, ასევე დაკავებულია ყველა პირი, ვინც მანქანის რუსეთში გადაყვანაში მონაწილეობდა.

კიევი და თბილისი ამ ბრალდებებს ჯერჯერობით არ გამოხმაურებიან.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი განცხადება მოსკოვმა 2022 წლის ოქტომბერშიც გააკეთა, მას შემდეგ რაც ყირიმის ხიდზე სატვირთო აფეთქდა. მაშინ დააკავეს რუსეთის ხუთი და უკრაინის სამი მოქალაქე, ბრალი კი წაუყენეს საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე ინასარიძეს, რომელიც 2024 წელს რუსეთმა ინტერპოლის ძებნილთა სიაში შეიყვანა.

ტელეკომპანია „პირველის“ ინფორმაციით, რუსული გამოძიების მასალებში მოხსენიებული სატვირთო ინასარიძის დედას ეკუთვნის. ქალმა ოფიციალურ ვერსიას „ბოდვა“ უწოდა. საქართველოს ხელისუფლებამ კი მაშინ აღნიშნა, რომ ქვეყანას ყირიმის ხიდის აფეთქებასთან „არანაირი კავშირი არ აქვს“.

მსგავსი სიახლეები