ვაშინგტონში შეხვედრის შემდეგ ნატოს გენმდივანმა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე ისაუბრა

19.08.25 10:41
ვაშინგტონში შეხვედრის შემდეგ ნატოს გენმდივანმა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე ისაუბრა

ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ, ვაშინგტონში ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპის შეხვედრის შემდეგ, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე განცხადება გააკეთა. როგორც Reuters წერს, Fox News-ის ეთერში მან აღნიშნა, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანება ახლა არ განიხილება, თუმცა საუბარია უსაფრთხოების გარანტიებზე, რომლებიც „მეხუთე მუხლის“ ტიპის იქნება.

სიტუაცია ასეთია: აშშ და კიდევ რამდენიმე ქვეყანა წინააღმდეგნი არიან უკრაინის ნატოში გაწევრიანების. ნატოს ოფიციალური პოზიცია კი ასეთია - უკრაინისთვის არსებობს ნატოში გაწევრიანების შეუქცევადი გზა, - განაცხადა რუტემ.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე საუბარია არა წევრობაზე, არამედ უსაფრთხოების ისეთ გარანტიებზე, რომლებიც „მეხუთე მუხლის“ პრინციპს დაეფუძნება.

ნატოს დამფუძნებელი ხელშეკრულების მეხუთე მუხლი კოლექტიური თავდაცვის პრინციპს ამყარებს: თუ რომელიმე 32 წევრ ქვეყანას თავს დაესხმებიან, ეს ითვლება თავდასხმად მთელ ალიანსზე.

რუტემ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინას უსაფრთხოების გარანტიები შეიძლება სხვადასხვა სახელმწიფომაც მისცეს.

ეს მხოლოდ ნატოს არ ეხება - მსგავსი შეთანხმებები ბევრ ქვეყანას აქვს. მაგალითად, აშშ-ს აქვს სამხრეთ კორეასთან და იაპონიასთან. უკრაინას, ომის დასრულების შემდეგ, ექნება უფლება, გააფორმოს საკუთარი უსაფრთხოების შეთანხმებები. ამ ეტაპზე მიმდინარეობს კოორდინაცია როგორც ევროპელ, ისე არაევროპელ პარტნიორებთან, - თქვა მან.

მისივე თქმით, უკრაინისთვის ყველაზე ძლიერი უსაფრთხოების გარანტია საკუთარი ძლიერი არმიის არსებობაა. რუტემ ასევე აღნიშნა, რომ ახლა აშშ უკრაინას იარაღს მიჰყიდის, ხოლო ევროპული ქვეყნები ნატოს მეშვეობით დაეხმარებიან მის შეძენასა და მიწოდებაში. ეს უკრაინას აძლევს საშუალებას, უზრუნველყოს თავი საჭირო შეიარაღებით, ამავე დროს გააძლიეროს თავდაცვითი პოტენციალი და ინტეგრაცია საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემებთან.

მსგავსი სიახლეები